“დღეს დილით გამოქვეყნდა ივლისის ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ განწყობას, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზე დგას.” – ასე შეაფასა ნათია თურნავამ ივლისში საქართველოს ეკონომიკაზე საქსტატის წინასაწარი შეფასება.
წინასწარი შეფასებით, ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა.
„თუ მიადევნებთ თვალყურს თვიდან თვემდე როგორ სუსტდებოდა ეკონომიკის შემცირების ტემპი, ამ პოზიტიურ დინამიკას თვალნათლივ დაინახავთ. მაგალითად, აპრილში გვქონდა -16,6%, მაისში -13,5%, ივნისში, როდესაც ჩვენ პრაქტიკულად მოვხსენით შეზღუდვები -7,7% გვქონდა. ივლისში კი -5,5%-ია. პრაქტიკულად 3-ჯერ გაუმჯობესდა და გაჯანსაღდა ჩვენი ეკონომიკა.” – განაცხადა ნათია თურნავამ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 5.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.8 პროცენტია.