საქართველოს ელჩი ისრაელში TDI-ის განცხადებას მიტროპოლიტის ანტისემიტურ ქადაგებაზე ცილისწამებას უწოდებს

პუბლიკა

საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ (TDI) განცხადებას ეხმაურება.

TDI-ის განცხადებაში საუბარია, რომ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა ლიტურგიისას ებრაელი ერი „დამამცირებელ, ანტისემიტურ კონტექსტში რამდენჯერმე მოიხსენია“.

ლაშა ჟვანია Facebook-ის სიტატუსში წერს, რომ ეს არის ცილისწამება და მოჰყავს არგუმენტები მისი ამ მოსაზრების დასამტკიცებლად.

„ახალი ცილისწამებები საქართველოს ეკლესიის მსახურების წინააღმდეგ. ამჯერად საქართველოს ფარგლებს გავცდით და მთელი მსოფლიო გავაოცეთ, რომ თითქოს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ანტისემიტურ განცხადებებს ავრცელებს და ებრაელ ერს შეურაცხყოფას აყენებს!!! მაშინ, როცა მეუფე იოანე საუბრობს მეოთხე საუკუნეში მომხდარ კონკრეტულ არასასიამოვნო ფაქტზე და ციტირებას უკეთებს წმინდა ამბროსი მედიოლანელის 1600 წლის წინანდელ დიალოგს მეფესთან. შემდეგ კი სახარებიდან მათ მიმართ, ვინც ეკლესიას ცილს წამებს, მოჰყავს მაცხოვრის სიტყვები – “ურწმუნო მოდგმის” ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ და დასძენს, რომ ეს ფრაზა არ შეიძლება ეთნიკური საზომით გავზომოთ და რომელიმე ერს მივუსადაგოთ, არამედ განზოგადებულია კაცობრიობის ურწმუნო მოდგმაზე. (წაიკითხონ მარკოზის სახარება).

32 წელია ვიცნობ მის მაღალყოვლადუსამღვდელოსეობა იოანეს! დღეს მადლობა მინდა ვუთხრა – ებრაელებისა და სხვა ერების სიყვარული და პატივისცემა ოჯახიდან თუ მომდიოდა, მეუფე იოანემ გამიძლიერა თავისი დიდსულოვნებითა და კაცთმოყვარეობით. ვისაც კითხვა გაუჩნდება, ყურადღებით მოისმინოს მეუფის 20 დეკემბრის ქადაგება.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ქართველების და ებრაელების ღვთივკურთხეული მეგობრობის წინააღმდეგ გადადგმულ, შეთხზულ ამ მტრულ ქმედებას ებრაელთა დიდი მეფის, წმინდა დავით წინასწარმეტყველის, საქართველოს ეკლესია ასე მოწიწებით, დიდი პატივისცემით რომ სასოებს და მსოფლიოში ერთადერთი მისი სახელობის ტაძარიც კი ააგო, ფსალმუნი დავუპირისპიროთ: „არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი; ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი“, – წერს ლაშა ჟვანია.


„ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი – TDI“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელის, იოანე გამრეკელის ანტისემიტური ქადაგება უკიდურესად შემაშფოთებელია.

„20 დეკემბერს, მიტროპოლიტმა იოანემ, ლიტურგიისას ებრაელი ერი დამამცირებელ, ანტისემიტურ კონტექსტში რამდენჯერმე მოიხსენია. მან ებრაელებს უწოდა „ქრისტიანთა მდევნელი” და „ურწმუნო მოდგმა”. ამგვარი სიტყვებით მოხსენიება ებრაელი ხალხის დემონიზაციაა და იმეორებს საშიშ სტერეოტიპს, რომლის თანახმად ქრისტეს მკვლელობისთვის მთელ ერს კოლექტიური პასუხისმგებლობა ეკისრება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.