ეროვნული ბანკის განცხადებით, სავალუტო ბაზრის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 25 მარტის აუქციონზე კიდევ 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ეროვნულმა ბანკმა უკვე გაყიდა 60 მილიონი დოლარი.
ბანკის განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შოკი ბოლო დღეების განმავლობაში სავალუტო ბაზარზე გაზრდილ მერყეობაშიც აისახა.
„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი გაურკვევლობა, ეროვნული ბანკი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს ნეგატიური შედეგების მოსახლეობაზე გავლენის მინიმიზაციის მიმართულებით. სავალუტო ბაზრის უცხოური ვალუტით მიწოდების მხარდასაჭერად ეროვნულმა ბანკმა უკვე განახორციელა ორი ინტერვენცია საერთო ჯამში 60 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. ამავე დროს, როგორც ცნობილია, წინა წლებში ხორციელდებოდა რეზერვების დაგროვება“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.
ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ ეკონომიკურ გამოწვევებს საქართველოს ფინანსური სისტემა მომზადებული შეხვდა.
„საბანკო სექტორი ჯანსაღი და მდგრადია, რაც იმის გარანტია, რომ შოკის პიკის გადავლის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგენას და ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას შეძლებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით – 5,09, ხოლო ევროსთან – 3,48 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის 24 მარტის მონაცემებით 1 დოლარის ღირებულება 3,23 , ხოლო 1 ევრო 3,45 ლარს შეადგენს.
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისული სიტუაციის გამო ლარი 10 დღის განმავლობაში დოლართან მიმართებით 40 თეთრით გაუფასურდა.
19 მარტს ეროვნული ვალუტის გამყარების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, რის შემდეგაც ლარი ერთი დღით გამყარდა. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ კვლავ გაუფასურება განაგრძო.