„საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ მიმართავს პარლამენტს, უარი თქვას ევროპული მომავლის დამაზიანებელ პროცესზე

პუბლიკა

„საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ მიიჩნევს, რომ „გავლენის აგენტის“ შესახებ კანონპროექტების კანონად ქცევა დიდი ალბათობით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარის მიზეზი გახდება.

პლატფორმა მოუწოდებს პარლამენტს, უარი თქვას საქართველოს ევროპული მომავლის დამაზიანებელ პროცესზე.

„საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში გაერთიანებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები კვლავ გამოვხატავთ პროტესტს, მმართველი უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ მომზადებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის პროექტების პარლამენტში წარდგენის გამო.

მივმართავთ პარლამენტს, დროულად თქვას უარი საქართველოს ევროპული მომავლისთვის დამაზიანებელ პროცესზე.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კანონის მიღება, დიდი ალბათობით, გახდება საქართველოს მიერ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უარის თქმის მიზეზი. აღნიშნულზე არაორაზროვნად მიგვანიშნეს ყველაზე მაღალი ევროპული ტრიბუნებიდან.

არავის აქვს უფლება, გადადგას ნაბიჯები, რომელიც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის, საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის, ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების წინააღმდეგ არის მიმართული.

კანონის მიღებას და, შესაბამისად, ანტიდასავლურ ნაბიჯს მოჰყვება საქართველოსთვის მძიმე შედეგი არა მარტო პოლიტიკური, დემოკრატიული განვითარების შეფერხების კუთხით, არამედ ასევე ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემების მორყევის, ეკონომიკური, მათ შორის გარე ინვესტიციების მკვეთრად შემცირებისა და მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის დამძიმების თვალსაზრისითაც.

ბუნებრივია, რომ პარლამენტის თითოეულ წევრს დაეკისრება პასუხისმგებლობა ქვეყნის თითოეული მოქალაქის, ქართველი ერის მომავალზე.

ვართ მზად, მივიღოთ მონაწილეობა დისკუსიებში, მათ შორის პარლამენტში, რათა პრინციპების დონეზე ავხსნათ ჩვენი პოზიცია პროცესის ზიანის მასშტაბებისა და მისი დროულად დასრულების აუცილებლობის თაობაზე და, ამგვარად, გამოვიყენოთ დიდი თუ მცირე შესაძლებლობა ქვეყნის პოზიტიური, პროდასავლური განვითარებისთვის“,- აღნიშნულია განცხადებაში.

„საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში“ 200-ზე მეტი ორგანიზაციაა გაწევრებული.