12 მარტს ევროპარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს მორიგი რეზოლუციას საქართველოს შესახებ სახელწოდებით „ელენე ხოშტარიას და პოლიიკური პატიმრების საქმე „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.
წარმოდგენილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ „პოლიტიკური პატიმრების არსებობა შეუთავსებელია საქართველოს ევროკავვშირში ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან“
რეზოლუციით ასევე მოთხოვნილია რეპრესული კანონების გაუქმება და მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების გამოძიება.
ამასთან ერთად, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები, ასევე, „ქართული ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლებს და ხელშემწყობებს აკერძალოთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში.
რეზოლუციის კენჭისყრამდე ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა.
სიტყვით პირველი გამოვიდა ლიეტუველი ევროპარლამენტარი EPP-დან, რასა იუკნევიჩიანე.
მან განაცხადა, რომ „არიან ისეთები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო დაკარგულია, თუმცა, ეს სიმართლე არ არის“.
„დიახ, დღეს ქართველი ხალხი თავისი უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს გადის. თუმცა, საქართველო ნამდვილად არ არის დაკარგული. საქართველოვ და ქართველებო, თქვენ არ ხართ დაკარგული ჩვენთვის, ევროკავშირისთვის“, – თქვა მან და პარლამენტს ელენე ხოშტარიას წერილი წაუკითხა.
ქართველი დაპატიმრებული პოლიტიკოსი ციხიდან წერს, რომ ეს არის ბრძოლა ერის ღირსებისა და მისი ევროპული არჩევანის დასაცავად:
„მინდოდა გცოდნოდათ, რომ მზად ვარ ვიყო ციხეში იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება და არ ვდარდობ ჩემს პირად პატიმრობაზე. ყველაზე მთავარია საკმარისი ყურადღების მობილიზება იმ სტრატეგიულ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ევროპა დგას საქართველოში, რასაც თქვენ ისევე წარმატებით აკეთებთ, როგორც ჩვენ. ბიძინა ივანიშვილს შეიძლება სურდეს ჩვენი, როგორც სავაჭრო საგნის, მძევლების სახით გამოყენება, რაც არ უნდა დავუშვათ. მე არ ვეძებ პირად თავისუფლებას. მე ვითხოვ თავისუფლებას ქართველი ხალხისთვის. ვინაიდან ქართველი ხალხი მზადაა საბრძოლველად, ჩვენც, პოლიტპატიმრები, მზად ვართ საბრძოლველად“, – ნათქვამია ელენე ხოშტარიას წერილში.
ესპანელმა ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსიდან (S&D) თქვა, რომ საჭიროა, ევროკავშირმა საქართველოს მიმართ სანქციები არა მხოლოდ რუსეთისთვის ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის, არამედ დემოკრატიის მხარდამჭერების დაპატიმრებების გამოც განიხილოს.
„დღეს სომხეთის პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე, როგორც აუცილებელ ნაბიჯზე. მათ [საქართველოს ხელისუფლებამ] უკუაგდო ევროპული პერსპექტივა, რამაც უარყოფითი კვალი დატოვა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ჩანასახში მყოფი ქართული დემოკრატია და ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრების გრძელი სია დევნის ობიექტი გახდა. ჩვენ დავასახელეთ ელენე ხოშტარია, მაგრამ მასთან ერთად დემოკრატიული ჯგუფების წარმომადგენელი უამრავი ადამიანი ჩააგდეს ციხეში დემოკრატიის მხარდასაჭერად ხმის ამაღლების გამო.
ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ.
ევროკავშირისთვის სირცხვილია, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს მხოლოდ რუსეთის დახმარების გამო განვიხილავთ და არა დემოკრატიის მხარდამჭერების დაპატიმრებების გამო. თურქეთში, აზერბაიჯანში, ცენტრალურ აზიაში, ეგვიპტეში — მათ შეუძლიათ, რეპრესიები მოუწყონ საკუთარ ხალხს იმდენი, რამდენიც სურთ. ბრიუსელი მხოლოდ მაშინ რეაგირებს, როდესაც ეს ხელისუფლებები მხარს რუსეთს უჭერენ. მე არ ვისურვებდი ასეთ მორალურად არამყარ ნავში ყოფნას“, – თქვა ნაჩო სანჩეს ამორმა.
დეპუტატმა მალგოჟატა გოშევსკამ „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფიდან“ აქცენტი ანტიდასავლურ პროპაგანდაზე გააკეთა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სანქცირების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
„ქვეყანა, რომელიც სულ ახლახან რეფორმების სიმბოლო იყო, ახლა კორუფციაში, რეპრესიებსა და პოლიტიკურ ძალადობაში იძირება. 150 ადამიანი ციხეშია პოლიტიკური ნიშნით, მათ შორის ოპოზიციის ლიდერები, ჟურნალისტები, საჯარო მოხელეები, სტუდენტები, ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც ისჯებიან თავიანთი შეხედულებებისა და ბუნებით მშვიდობიანი პროტესტის გამო. ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამის თვალსაჩინო მაგალითია. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ფაქტი არ არის ნახსენები გუშინ შეთანხმებულ რეზოლუციაში. ეს მაკვირვებს. ეს მაშფოთებს. პოლიტიკური თამაშებისთვის დრო არ არის. ჩვენ ნამდვილად უნდა ვებრძოლოთ ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობის ნაკლებობას. მე წარვადგინე შესწორებები ამ მიმართულებით.
ერთი რამ უნდა ხაზგასმით აღვნიშნოთ: რეჟიმი მუშაობს ანტიდასავლური პროპაგანდითა და დეზინფორმაციით, ისევე, როგორც რუსეთი. ასე რომ, ევროკავშირმა სანქციებით უნდა მოიცვას არა მხოლოდ პროპაგანდისტული მედია, არამედ საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე პასუხისმგებელი პირები. ჩვენ უნდა მოვუწოდოთ თბილისს, რაც შეიძლება მალე გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი. ბუნებით მჩაგვრელი კანონები უნდა გაუქმდეს. ეს ერი იმსახურებს კარგ და ჯანსაღ მომავალს და ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს მას“, – განაცხადა გოშევსკამ.
სიტყვით გამოვიდა ნატალი ლუაზო პარტიიდან „განაახლე ევროპა“. მან გააკრიტიკა ევროკომისია და ევროპული საბჭო იმის გამო, რომ ისინი სანქციებს არ უწესებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.
„კოლეგებო, საბედნიეროდ არსებობს ერთი ევროპული ინსტიტუტი, ჩვენი პარლამენტი, რომელიც იცავს ევროკავშირის ღირსებას, როდესაც საქმე საქართველოს ეხება. თბილისში სუნთქვა შეუძლებელია ნებისმიერისთვის, ვინც უარს ამბობს, მმართველ პარტიას დაემორჩილოს. ოპოზიციის წევრებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, აკადემიკოსებს, სტუდენტებს რეპრესია შეიძლება ნებისმიერ დროს დაატყდეთ თავს.
ჩვენს პარლამენტში ევროკავშირისგან მკაცრი ზომებისკენ მოვუწოდებთ, მაგრამ რას ვხედავთ საბჭოში? არანაირი ნება მნიშვნელოვანი სანქციების გამოყენების ან თბილისის ხელისუფლების იზოლაციისა.
ხოლო კომისია? როგორც ჩანს, მათ ხაზი გადაუსვეს საქართველოს, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი უნდა ყოფილიყო.
ვლადიმერ პუტინი გვიყურებს და ჩვენ საშინელ მესიჯს ვგზავნით: ნაცვლად იმისა, რომ დავუპირისპირდეთ ამ პროცესებს, ჩანს, თითქოს რუსეთის მხრიდან ამისთვის გაწეული ძალისხმევა ღირდა.
საქართველოზე დროის დახარჯვა ღირს, მაგრამ როგორ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, თუ კომისია და საბჭო არაფერს აკეთებენ იქ დემოკრატიისთვის?“, – განაცხადა ლუაზომ.
ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე საქართველოს „ყოფილი კანდიდატი ქვეყანა“ უწოდა და ევროკავშირის ქვეყნებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ მიზნობრივი სანქციების გამოყენებისკენ მოუწოდა. მან ისაუბრა „ქართული ოცნების“ ახალ რეპრესიულ კანონებზეც.
„ელენე ხოშტარიას დაკავება და პატიმრობა საქართველოს დემოკრატიის ვარდნის კიდევ ერთი შემაშფოთებელი ნაბიჯია. ელენე დააკავეს მმართველი პარტიის საწინააღმდეგო საპროტესტო გზავნილების დაწერისთვის და ახლა მას მრავალწლიანი ციხე ემუქრება. ის ერთ-ერთია მრავალთაგან, ვინც პოლიტიკურად მოტივირებული პროცესებისა და მომიტინგეებზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე გაძლიერებული რეპრესიების ნაწილია. ეს გადაიზარდა დემოკრატიის სრულ ეროზიასა და ანტიდემოკრატიული ძალების კონსოლიდაციაში.
გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტში იღებენ კიდევ ერთ კანონს, რომელიც კრძალავს ელემენტარულ აქტივიზმსაც კი. ევროკავშირმა ამას ბოლოს და ბოლოს უნდა უპასუხოს მიზნობრივი სანქციებით პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ.
არ მაინტერესებს, თუ წევრი სახელმწიფოებიდან ორი ამას საბჭოში დაბლოკავს. რა ვუყოთ დანარჩენ 25 წევრ სახელმწიფოს? მათ არ შეუძლიათ სანქციების გამოყენება? რა უშლით ხელს? წინააღმდეგ შემთხვევაში, დუმილი და უმოქმედობა მხოლოდ ათამამებს ანტიდემოკრატიულ ძალებს და აგზავნის სახიფათო სიგნალს, რომ ევროპა ყოფილი კანდიდატი ქვეყნის მოქალაქეების რეპრესიებს სათანადო შედეგების გარეშე ტოვებს“, – განაცხადა მარკეტა გრეროგოვამ.
დეპუტატმა „მემარცხენე ჯგუფიდან“, იონას შიოსტდედმა თქვა, რომ „საქართველოში სიბნელე ისადგურებს“ და რომ ეს „საქართველოს თავზე მოსკოვის მიერ გადმოფენილი ჩრდილია“.
„ელენე ხოშტარიას მსგავს ადამიანებს ციხეში არიან. ის ერთ-ერთია მრავალთაგან. ქართული რეჟიმი წამყვანი ოპოზიციური პარტიების აკრძალვისთვის ემზადება. მომიტინგეებს მინიმალური მიზეზების გამო პატიმრობას უსჯიან. ხალხს ებრძვიან ჯარიმებითა და აკრძალვებით.
მაგრამ ყოველ საღამოს ასობით, ხშირად ათასობით ქართველი იკრიბება პარლამენტის წინ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის დემონსტრირებისთვის. ჩვენი ამოცანაა მათ გვერდით დგომა. დადგა დრო, გავაძლიეროთ ზეწოლა ქართულ რეჟიმზე და დადგა დრო მათი ლიდერების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციებისთვის“ – თქვა იონას შიოსტდედმა.
EPP-ის წევრმა მირიამ ლექსმანმა მოითხოვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილისთვის.
„ძვირფასო კოლეგებო, ქართველმა ხალხმა ეს ჯერ კიდევ ათწლეულების წინ განმარტა. მათ სჯერათ თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოსი, რომელიც ევროპულ ღირებულებებზეა დაფუძნებული. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნების“ ერთპარტიული მმართველობა, პუტინის მეთოდების გამოყენებით, ქვეყანას საპირისპირო მიმართულებით მიაქანებს.
ჩვენ მოწმენი ვართ მშვიდობიან მომიტინგეებზე განმეორებითი თავდასხმების, ჟურნალისტების გაჩუმებისა და იმ ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვისა, რომლებიც ნებისმიერი დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ელენე ხოშტარია, მზია ამაღლობელი და სხვა პროევროპული ხმები ამჟამინდელი რეჟიმის მსხვერპლთა შორის არიან. მათ წლობით პატიმრობა ემუქრებათ მხოლოდ საკუთარი აზრის გამოთქმის გამო.
როგორც ქართველი ხალხის მეგობრებს, ჩვენ არ შეგვიძლია გულხელდაკრეფილი ვისხდეთ მაშინ, როცა ფუნდამენტური თავისუფლებები ითრგუნება და ილახება. მოვითხოვ ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ასევე, მსურს კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ბიძინა ივანიშვილის მიმართ მიზნობრივი სანქციების დაწესების აუცილებლობას მის მიერ პოლიტიკაში, საზოგადოებაში, ეკონომიკასა და ყველა ქართველის ცხოვრებაში შესრულებული დამანგრეველი როლის გამო“, – განაცხადა ლექსმანმა.
დებატები შეაჯამა ევროკომისარმა კლიმატის საკითხებში ვოპკე ჰოეკსტრამ, რომელმაც კაია კალასის პოზიცია წარმოადგინა. ჰოეკსტრამ აღნიშნა, რომ „საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანა განზრახ მიჰყავს ავტოკრატიისკენ“.
მისი განცხადებით, ასე „საქართველოს ევროკავშირის წევრობის რეალური გზა არ გააჩნია – არც 2030 წლისთვის, როგორც ამას ხელისუფლება აცხადებს, და საერთოდ არც ერთ შემთხვევაში, თუ ეს კურსი გაგრძელდება“.
„ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის სისტემატური თავდასხმა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და ამ უფლებების მკაცრი, გაუმართლებელი და თვითნებური შეზღუდვა.
ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ყველას, ვინც ბოლო ორი წლის განმავლობაში თვითნებურად დააკავეს, ვისაც სასტიკად ეპყრობოდნენ ან დააპატიმრეს, მათ შორის ელენე ხოშტარიას.
ევროკავშირი გმობს ამ პოლიტიკურ რეპრესიებს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ, და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა თვითნებურად დაკავებული პირი.
წამება და არასათანადო მოპყრობა აბსოლუტურად აკრძალულია საერთაშორისო სამართლით, ხოლო სამართალდამცავთა მხრიდან დარღვევებზე დაუსჯელობა უნდა დასრულდეს. ოპოზიციის ლიდერები შეეჩეხნენ ძალადობას, დაპატიმრებებს, ასევე მოსალოდნელია მათი კონსტიტუციური აკრძალვა. ასეთი რეპრესიული ტაქტიკა მოგვაგონებს იმ მეთოდებს, რომლებსაც ავტორიტარული ქვეყნები იყენებენ განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად.
ევროკავშირი დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიის ძირითადი პრინციპები, რომელთა მთავარი ნაწილი პოლიტიკური პლურალიზმია.
და ბოლოს, ევროკავშირი კვლავ ერთგული რჩება მიზნისა, რომ პასუხისმგებლობა დაეკისროს მათ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის მძიმე უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე. გასულ კვირას თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, შეუჩეროთ უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს.
ეს არის პასუხი საქართველოს მხრიდან იმ ვალდებულებების განზრახ და მუდმივ დარღვევაზე, რომლებიც ქვეყანამ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიღებისას აიღო დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში“, – განაცხადა ევროკომისარმა.