ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის – საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადმოეცა“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თვითშეფასების კითხვარის შესავსებად საქართველოს ეძლევა 1 თვის ვადა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით იგეგმება ა/წლის ივნისში დაგეგმილ ევროკაშირის საბჭოს სხდომაზე.
კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა. საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც.
3 მარტს საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა. მანამდე ევროკავშირში გაწევრებაზე უკრაინამ და მოლდოვამ განაცხადეს.
10 მარტს საფრანგეთში ევროპის კავშირის ლიდერთა სამიტზე ევროკომისიას ეთხოვა, საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით შეფასების მომზადება, რის საფუძველზეც შეიძლება, მას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი.
კითხვარი წარმოადგენს ევროკომისიის ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის გამოყენებითაც ევროკავშირის მიერ ხდება ევროკავშირში გაწევრების მსურველი ქვეყნის შეფასება კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.