„საქართველოს ფოსტა“ გორის სერვისცენტრის 11 კურიერის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
„ფოსტა“ აცხადებს, რომ კურიერების გაფიცვამ სამუშაო პროცესის შეფერხება გამოიწვია, თანაც, პანდემიის ფონზე, სამუშაო ადგილების და ანაზღაურების შესანარჩუნებლად კომპანიის ძალისხმევის მიუხედავად, „გორის სერვისცენტრის კურიერების მხრიდან დამატებითი ჯილდოს მოთხოვნამ განაპირობა საქართველოს ფოსტის გადაწყვეტილება შეეჩერებინა შრომითი ხელშეკრულება აღნიშნულ პირებთან და მიემართა სასამართლოსთვის გაფიცვის უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით“.
განცხადებას გთავაზობთ სრულად:
„საქართველოს ფოსტისთვის, როგორც ეროვნული საფოსტო ოპერატორისთვის, 2020 წელი გამოწვევებით აღსავსე აღმოჩნდა. კორონავირუსის პანდემიის და მისგან განპირობებული დაბრკოლებებიდან გამომდინარე, მსოფლიოს მასშტაბით საფოსტო ადმინისტრაციები ოპერირებდნენ ფორსმაჟორულ ვითარებაში.
ქვეყანაში მობილობის შემცირების მიუხედავად, საქართველოს ფოსტა საქმიანობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა და როგორც მოსახლეობას, ასევე კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, შეუზღუდავად შესთავაზა საფოსტო/საკურიერო მომსახურება.
მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად რიგი დაბრკოლებებისა პანდემიის პირობებში, საქართელოს ფოსტამ შეძლო საკადრო პოლიტიკის იმგვარად წარმართვა, რომ არცერთ თანამშრომელთან არ შეწყეტილა შრომითი ურთიერთობა, შესაბამისად თითოეული სამუშაო ადგილის შენარჩუნება კომპანიისთვის ყოველთვის იყო და ახლაც რჩება პრიორიტეტად.
საქართველოს ფოსტის გორის სერვისცენტრში მომუშავე კურიერებმა 5 იანვრიდან დამატებითი ჯილდოს მოთხოვნით, უარი განაცხადეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებაზე და გაიფიცნენ, რამაც გამოიწვია სამუშაო პროცესის შეფერხება.
მაშინ, როცა მსოფლიო პანდემიის ფონზე საქართველოს ფოსტამ ყველა ღონისძიებას მიმართა იმისათვის, რომ შეენარჩუნებინა თითოეული სამუშაო ადგილი და მეტიც, თანამშრომლებს შეუფერხებლად მიეღოთ კუთვნილი ანაზღურება, გორის სერვისცენტრის კურიერების მხრიდან დამატებითი ჯილდოს მოთხოვნამ განაპირობა საქართველოს ფოსტის გადაწყვეტილება შეეჩერებინა შრომითი ხელშეკრულება აღნიშნულ პირებთან და მიემართა სასამართლოსთვის გაფიცვის უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია „პუბლიკისთვის“ მოწოდებულ განცხადებაში.
გორის სერვისცენტრის კურიერები აცხადებენ, მას შემდეგ, რაც ხელფასის მომატების და ჯანმრთელობის დაზღვევის მოთხოვნით გაიფიცნენ, დირექტორმა 11 მათგანს „უკანონო გაფიცვის გამო“ თანამშრომლობა შეუჩერა.