საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი გახდა

პუბლიკა

პარლამენტმა გიორგი გაბიტაშვილის გენერალურ პროკურორად 6 წლის ვადით არჩევას მხარი დაუჭირა.

გიორგი გაბიტაშვილი გენერალური პროკურორის მოქმედი მოადგილეა.

გიორგი გაბიტაშვილის შესახებ

გიორგი გაბიტაშვილი პროკურატურაში 2007 წლიდან მუშაობს. ის ჯერ სტაჟიორი იყო, სტაჟირების დასრულებისთანავე კი დაინიშნა პროკურორად შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში.

2009 წელს გიორგი გაბიტაშვილი დააწინაურეს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში შსს-ს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსად, სადაც ის საქმიანობდა 2013 წლამდე.

2013 წლის 14 იანვრიდან ის გახდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უფროსი.

გაბიტაშვილი ამავე წელს დაინიშნა გენერალური პროკურორის მოადგილედ.

გენერალური პროკურორობის კონკურსში გაბიტაშვილის კანდიდატურა წარადგინეს „აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, რომლებიც ამავდროულად პროკურორები არიან, და არასამთავრობო ორგანიზაცია – „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“.

საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული განცხადების მიხედვით, გიორგი გაბიტაშვილს მხარდაჭერა საქართველოს პროკურატურის 463-მა პროკურორმა და გამომძიებელმა გამოუცხადა.