საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები თორნიკე შენგელიას მხარდამჭერ ვიდეოს აქვეყნებს

პუბლიკა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები სოციალურ ქსელში თორნიკე შენგელიას მხარდამჭერ ვიდეოს ავრცელებს. ვიდეოში ეროვნული ნაკრების წევრები შენგელიას წარმატებას უსურვებენ.

„მინდა, რომ წარმატება ვუსურვო იმ ახალ გადადგმულ ნაბიჯში, იმ ახალ გამოწვევებზე რაც ცსკა-ში გადასვლასთან არის დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ, რომ თოკო ძალიან წარმატებული იქნება. კიდევ უფრო ბევრჯერ გაახარებს ქართული გულშემატკივრების გულს საქართველოს ნაკრებში და როგორც აქამდე იცავდა, ისევე ღირსეულად დაიცავს ქართველი ერის, ქართველი ნაკრების ღირსებას და ყოველთვის იქნება ჩვენ გვერდით და ჩვენ ვიქნებით მის გვერდით“, – აღნიშნავს ვიდეოში კალათბურთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წევრი მანუჩარ მარკოიშვილი.


საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელი გახდა. კალათბურთელმა კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ კლუბმა ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა. „გელოდებით მოსკოვში“ – ქართულად წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

ეროვნული გუნდის კაპიტნის მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას გამოეხმაურა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი კლუბის რიგებში ირიცხებოდა, თორნიკე შენგელია ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებას.

თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „ჩემთვის სამწუხარო და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის „ცსკა-ში” გადასვლასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.