„საქართველოს კანდიდატის სტატუსიდან მხოლოდ სახელი დარჩა" — EU-მ გაფართოების ანგარიში გამოაქვეყნა

პუბლიკა

ევროკომისიამ გამოაქვეყნა ევროკავშირის გაფართოების წლიური ანგარიში, რომელიც აფასებს კანდიდატი ქვეყნების პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე.

ანგარიში მოიცავს 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შეფასებას.

საქართველოს შემთხვევაში დასკვნა მკვეთრად უარყოფითია.

ევროკომისია მიუთითებს, რომ საქართველოში ვითარება მკვეთრად გაუარესდა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების კუთხით. ანგარიშში ხაზგასმულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პატიმრობა, სასამართლო სისტემის სანდოობის შერყევა, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა, დემონსტრანტების დაპატიმრებები, კანონმდებლობა, რომლის სამიზნეც სწორედ მედია, სამოქალაქო საზოგადოება, ასევე ლგბტქ ადამიანებია.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსიდან „მხოლოდ სახელი დარჩა”.

„საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა შეატრიალოს დემოკრატიული უკუსვლა და გასწიოს ყოვლისმომცველი და ხელშესახები ძალისხმევა, რათა მოაგვაროს გადაუჭრელი პრობლენები და გაატაროს აუცილებელი რეფორმები მრავალპარტიული ძალისხმევითა და სამოქალაქო საზოგადოების ეფექტიანი მონაწილეობით, ევროკავშირის წევრობისთვის 9 ნაბიჯის შესაბამისად, ევროკავშირის ღირებულებების და პრინცინიპების სრული დაცვით.

ევროპულმა საბჭომ 2024 წლის დეკემბერში დაასკვნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა ფაქტობრივად შეაჩერა ევროკავშირში გაწევრების პროცესი და იმის გათვალისწინებით, რომ მას შემდეგ საქართველო განაგრძობს ფუნდამენტური პრინციპებიდან უკუსვლას, ევროკომისიისთვის საქართველოს კანდიდატის სტატუსიდან მხოლოდ სახელი დარჩა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს კურსი და ევროკავშირში გაწევრების გზაზე დაბრუნდეს”. – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ევროკომისია ასევე წერს, რომ „ოცნების” მიერ მიღებული რეპრესიული კანონები „უპრეცედენტოა კანდიდატ ქვეყნებს შორის”.

„საქართველოში მიღებული და ძალაში შესული შემზღუდავი კანონები, რომელთა სამიზნეც არის აქტივისტები, სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია, საფრთხეს უქმნის დემოკრატიული ფუნდამენტის გადარჩენას და უპრეცედენტოა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის”. – წერია დოკუმენტში.

ევროკომისია ანგარიშში ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმისა და რეფორმების გატარების ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლება კიდევ უფრო დაშორდა ევროკავშირს.

ანგარიშში წერია, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებს და ქვეყანა ევროკავშირის გაფართოების პროცესს დააშორა”.

„შედეგად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი ფაქტობრივად ჩიხშია შესული”. – ვკითხულობთ დოკუმენტში. 

გაფართოების ანგარიშში საუბარია როგოტც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო, ისე 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზეც და ხაზგასმულია, რომ ორივე არჩევნები ხასიათდებოდა მაღალი დონის პოლარიზაციითა და დემოკრატიული უკუსვლით.

კერძოდ, ევროკომისია მიუთითებს ამომრჩეველთა დაშინების, იძულებისა და ზეწოლის შემთხვევებზე, „რამაც გააჩინა სერიოზული შეშფოთება მოსახლეობის შესაძლებლობაზე, თავისუფლად გამოხატონ თავისი ნება და ხმა მისცენ შიშისა და საფრთხის გარეშე”.

„2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც მასობრივი დარღვევებით, მზარდი რეპრესიული ქმედებებითა და დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობით საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში ჩაერთო.

საანგარიშო პერიოდში საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მნიშვნელოვანი უკუქცევით აღინიშნა.

საქართველოს ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ რეპრესიული ზომები გაატარა, რაც მნისვნელოვნად უთხრის ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს. ფაქტობრივად გააუქმა სამოქალაქო მონაწილეობა და შეკავებისა და ბალანსის სისტემა”. – წერია დოკუმენტში.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქცევა უნდა შეიცვალოს.

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს, ასევე ქვეყნის საერთაშორისო სამართლის ვალდებულებებს. საქართველომ უნდა გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, გაატაროს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. ფუნდამენტური უფლებები და პრინციპები, მათ შორის სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლება, გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და მედიის თავისუფლება და პლურალიზმი, უნდა იყოს დაცული და გარანტირებული.

თვითნებურად დაკავებული პირები უნდა გათავისუფლდნენ. ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევისა და ძალადობის ყველა შემთხვევა ეფექტურად და დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე”. – წერს ევროკომისია.

ამავე დროს, კომისია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და მზადყოფნას, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე.

„სანამ საქართველოს ხელისუფლება არ შეცვლის თავის კურსს, ევროპულ საბჭოსთან ერთად, ევროკომისია შეამცირებს მაღალი დონის პოლიტიკურ კონტაქტებს, შეაჩერებს საქართველოს ხელისუფლებისთვის პირდაპირი სარგებლის მომტან ორმხრივ დახმარებას და გააძლიერებს ძალისხმევას სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად”.

გაფართოების ანგარიშში დადებითად აღნიშნულია მხოლოდ ეკონომიკური ზრდა.

კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, დაბალმა ინფლაციამ და მზარდმა ხელფასებმა გაზარდა მოსახლეობის რეალური განკარგვადი შემოსავლები, ხოლო შინამეურნეობები ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა დასავლეთ ბალკანეთში, მოლდოვასა და საქართველოში.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ანგარიშის წარდგენისას თქვა, რომ „აქამდე გაფართოების არც ერთ ანგარიშში არ ყოფილა ამდენი საუბარი უკუსვლაზე”.

„საქართველოში ვითარება მკვეთრად გაუარესდა. არის მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა. ალბათ აქამდე გაფართოების არც ერთ ანგარიშში არ ყოფილა ამდენი საუბარი უკუსვლაზე.  ჩვენ ვიხილეთ კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზია და ფუნდამენტური უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევა. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს კურსი.

ქართველი ხალხი მოითხოვს ევროპულ მომავალს და მათ ჩვენი მხარდაჭერა აქვთ.  ევროკომისიისთვის საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს”. – თქვა მარტა კოსმა.