კორონავირუსის ეპიდვითარებასთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ცნობას ავრცელებს.
„დღეს საქართველოს საპატრიარქოში რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის (ლაბორატორია) წარმომადგენლები საპატრიარქოს თანამშრომლებს PCR-ტესტირებას ჩაუტარებენ. აღსანიშნავია, რომ ასეთი ტესტირება საპატრიარქოს თანამშრომლებსა და სასულიერო პირებს პერმანენტულად უტარდებათ.
რაც შეეხება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამ ეტაპისთვის მისთვის ტესტის ჩატარება არ იგეგმება. მისი უწმინდესობა თავს კარგად გრძნობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი გუშინ, 8 იანვარს დაუდასტურდა. თეთრუაშვილი გასულ დღეებში პატრიარქის დაბადების დღეზე იმყოფებოდა. სწორედ მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში ილია II-ისთვის კორონავირუსის ტესტირების ჩატარების საკითხი.