ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) რეზოლუციაში შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში პროპორციული არჩევნების კონსტიტუციური კანონპროექტის ჩავარდნის გამო.
PACE „ქართულ ოცნებას“ ისეთი საარჩევნო სისტემის მიღებისკენ მოუწოდებს, რომელიც 2020 წლის არჩევნებამდე ყველა მხარის ნდობითა და მხარდაჭერით ისარგებლებს. ასევე, რეზოლუციაში საქართველოს ხელისუფლების მოუწოდებენ, დროულად განახორციელოს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა.
„[საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს] საქართველოს მმართველ პარტიას, უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც 2020 წლის არჩევნებამდე ყველა მხარის ნდობითა და მხარდაჭერით ისარგებლებს, მთლიანად შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის თაობაზე, დროულად განახორციელოს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა და მიმართავს ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ იმუშაონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე პოლარიზაციის გადასალახავად“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
PACE-ის რეზოლუცია შეშფოთებას გამოთქვამს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობაში წარმოქმნილ შეფერხებებზე, მათ შორის, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების გამჭვირვალობისა და გადაწყვეტილების დასაბუთების ნაკლებობაზე.
რეზოლუციის ტექსტში, პოზიტიურადაა შეფასებული კანონმდებლობის ცვლილებები საპარლამენტო ზედამხედველობისა და აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის ანგარიშვალდებულების გასაზრდელად, ასევე, თანხმობა სამართლებრივი სისტემის დახვეწასა და სასამართლო სისტემის რეფორმების მეოთხე ტალღაზე.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 10 ქვეყნის: საქართველოს, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ალბანეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, თურქეთის, მოლდოვის, სერბეთისა და უკრაინის მონიტორინგის შედეგებს აჯამებს.