აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.
გამარჯვება მას საქართველოდანაც მიულოცეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დაწერა, რომ ახლა ისე, როგორც არასდროს, საქართველოს ძლიერი ამერიკის მხარდაჭერა სჭირდება.
„გილოცავთ არჩევას, ბატონო პრეზიდენტო. ახლა, როგორც არასდროს გვჭირდება ძლიერი აშშ-ის, ჩვენი 33 წლის სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობრის მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის, რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერების, სტაბილურობის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა:
„ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ტრამპის ხელმძღვანელობა ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარებას გლობალურად და ჩვენს რეგიონში, ასევე უზრუნველყოფს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას“.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თქვა:
„ვულოცავ დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას. ეს ხაზს უსვამს საღი აზრის დაბრუნებას მსოფლიო პოლიტიკაში და რალობაზე იმ აღქმების დომინაციის დასრულებას, რაც გამოხატულია დასავლეთის მხრიდან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მიმართ. მე მჯერა, რომ ამერიკულ-ქართული ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება ურთიერთპატივისცემის, საერთო ინტერესების და, უპირველეს ყოვლისა, კაცობრიობის რეალური ღირებულებების საფუძველზე“.
გიორგი გახარია, „გახარია საქართველოსთვის“:
„ვულოცავ პრეზიდენტ დოლანდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას. ამ გამოწვევებით სავსე დროში მთელს საერთაშორისო საზოგადოებას სჭირდება აშშ-ის ძლიერი მმართველობა თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად, მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის ხელშესაწყობად. დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის დახმარებით საქართველო აღადგენს გზას დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ, ისევე როგორც აღადგენს ჩვენს ორმხრივ სტრატეგიულ ურთიერთობებს”.
მამუკა ხაზარაძე, „ძლიერ საქართველო“:
„პირველ რიგში, მინდა მივულოცო პრეზიდენტ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება. ეს არის ამერიკის ხალხის ნების გამოხატულება, ეს არის მათი არჩევნები. აქვე ვიტყვი: ბიძინა ივანიშვილის მთავრობა იყო, რომელმაც, როცა ანაკლია გააჩერეს, ქვეყნიდან გააგდეს ტრამპის მეგობარი, მისი ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აკეთებდა ინვესტიციას. მაიკლ პომპეო ტრამპის სახელმწიფო მდივანი იყო, რომელმაც თქვა, რომ ჩინეთი და რუსეთი არ არიან თქვენი მეგობრები და სასწრაფოდ დაამთავრეთ ანაკლია [მშენებლობა].
ამათ ილუზია არ ჰქონდეთ, ხორხოცი რომ აქვთ, რომ ტრამპი მოვა და „ოცნება“ გაიმარჯვებს – არა, მეგობრებო. თქვენ ნახავთ, როგორი პოლიტიკა იქნება – იქნება ისეთი, როგორიც იყო. ადმინისტრაცია იცვლება, პრეზიდენტები იცვლებიან, მაგრამ მეგობრობა იგივე რჩება“.
გიორგი ვაშაძე, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“
„ამერიკა არის საქართველოს მეგობარი. ჩვენ ორპარტიულად ვმეგობრობთ აშშ-სთან და პარტიებს არ აქვთ განსხვავება საქართველოსთან მიმართებაში. ჯო უილსონი, რომელიც არის ყველაზე მკაფიო საქართველოსთან მიმართებაში, არის ტრამპის უშუალო გარემოცვა. მეტიც, ტრამპის კანდიდატად წარდგენაზე მხოლოდ თინა ბოკუჩავა იყო წასული საქართველოდან.
სანამ აქ მოვიდოდი [საპროტესტო აქციაზე], მე ტრამპის გუნდს მივულოცე გამარჯვება. […] ასე რომ, პირიქით, უფრო და უფრო დაჩქარდება საქართველოში რუსული რეჟიმის მოშთობა. ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს გამარჯვებას. აშშ-ის მხარდაჭერა ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და არათუ შესუსტდება, არამედ კიდევ უფრო გაძლიერდება ეს მხარდაჭერა“.
„გირჩი-მეტი თავისუფლება”:
„ვულოცავთ დონალდ ტრამპს. ჩვენ აშშ-ს ვუყურებთ, როგორც საქართველოს დემოკრატიის ურყევ მხარდამჭერს. ერთად ჩვენ შეგვიძლია, გავაძლიეროთ გზა თავისუფლებისკენ და დავდგეთ ერთად ავტორიტარული გავლენის წინააღმდეგ”