საქართველოს კომერციული ბანკები „Мир-თან" არ თანამშრომლობენ - ეროვნული ბანკი

პუბლიკა

ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და საბარათე საპროცესინგო სისტემები, გადახდების სისტემების კომპანია „Мир-თან” არ თანამშრომლობენ. ამ სისტემით ოპერაციები სრულად ხორციელდება რუსულ სისტემაში და მას საქართველოს საფინანსო სისტემასთან შეხება არ აქვს.

ბანკის ინფორმაციით, საგადახდო სისტემების კომპანია „Мир” თანამშრომლობს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან, რაც ბანკის შეფასებით, შესაძლოა არღვევდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს.

რაც შეეხება ქართული კომპანიის თანამშრომლობის საკითხს, აღნიშნულის შეფასება სცილდება ეროვნული ბანკის კომპეტენციას.


„Мир“ რუსეთში და რუსული ბაზრისთვის შექმნილი საბანკო სისტემაა, რომელიც ქვეყნის გარეთ რამდენიმე ქვეყანაში მუშაობს. საქართველო არ არის იმ ქვეყნების სიაში, სადაც „Мир“ ოფიციალურად გამოიყენება.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, „Мир-ზე“ მუშაობა რუსეთმა 2014 წელს მას მერე დაიწყო, რაც ყირიმის ანექსიის შემდეგ დასავლეთმა მოსკოვისთვის ფინანსური სანქციების დაწესების პერსპექტივებზე დაიწყო მსჯელობა. როცა უკრაინაში ომის დაწყების გამო VISA-მ და Mastercard-მა რუსეთი დატოვეს, „Мир-ს“ უკვე გაცემული აქვს 100 მილიონი ბარათი და ფარავს რუსეთის ფედერაციის ყველა რეგიონს. „Мир“ არ მუშაობს ოკუპირებულ ყირიმში.

8 მარტს ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ავიაკომპანია „GEORGIAN AIRWAYS-მა“ გადახდის სისტემაში „Мир“ დაამატა.