საქართველოს მეგობრებმა თქვეს, რომ შეთანხმების ყველა კომპონენტი უნდა შესრულდეს და ამის მონიტორინგი გაგრძელდება არჩევნებამდე - ბოკერია

პუბლიკა

„ჩვენ მადლობლები ვართ საქართველოს მეგობრების, რომლებიც აპირებენ, რომ იმ პირობებშიც კი, თუკი ივანიშვილის რეჟიმი რაღაც დრო არ შეასრულებს ამ პირობას, კერძოდ, დარჩენილი პოლიტპატიმრის რურუას გათავისუფლებას, ეს საკითხი მუდმივად იდგება დღის წესრგიში”, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორები ერთობლივ განცხადებას.

„ჩვენი საერთო ამოცანაა, რომ ეს საკითხი გადაწყდეს, მოხდეს ნორმალიზაცია ვითარების, მივიღოთ სრულფასოვანი მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებებში. იყოს შედარებით ნორმალური კამპანია და მერე  ყველა შეეგუოს, უპირველეს ყოვლისა, ივანიშვილი, ამომრჩევლის ვერდიქტს”, – განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია ამბობს, რომ რურუას გათავისუფლებაც და საკონსტიტუციო პროექტისთვის ხმების მიცემაც ივანიშვილის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.

„ჩვენ ძაან მოწადინებულები ვართ, როგორც საქართველოს მეგობრები, რომ მივიღოთ ამაში მონაწილეობა, ოღონდ გასაღები, ჯერჯერობით სანამ არ შეიცვლება მშვიდობიანად ეს ხელისუფლება, არის ივანიშვილის ხელში”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.


დღეს საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ 8 მარტის შეთანხმება იყო პოლიტიკური პარტიებისა და პარლამენტის წევრთა დიდი უმრავლესობის მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება.

„საქართველოს დემოკრატიული პროცესისთვის ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს ამ მნიშვნელოვან კენჭისყრაში მონაწილეობისა და ცვლილებების სრულად მიღებისკენ.“ – ნათქვამია განცხადებაში.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა სატელევიზიო ფორმატში უკვე გაიმართა, დღეს კი პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების საკომიტეტო განხილვა დაიწყო. საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“, მანამ, სანამ არ გათავისუფლდება გიორგი რურუა.