ევროკომისიის წარმომადგენლის, მიხაელ რუპის თქმით, მათ გადაწყვიტეს, რომ არ დააჩქარონ საქართველო ევროკომისიის დასახული პრიორიტეტების შესრულებაში და ევროპულ საბჭოსთან შეთანხმებით ამ რეკომენდაციების შესრულებაზე ანგარიშს არა ამ წლის ბოლოს, არამედ 2023 წელს წარადგენენ.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დაინტერესებულები ვართ, რომ საქართველომ იმუშაოს ღრმად და საფუძვლიანად პრიორიტეტების შესრულებაზე. შესაბამისად, ფრთხილი განხილვების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არ უნდა დავაჩქაროთ ქართული პოლიტიკური ელიტა ქვეყნის დეპოლარიზების მცდელობაში და საერთო მაგიდასთან დაჯდომისას, რათა საფუძვლიანად იმუშაონ რეფორმებზე.
ასე რომ, როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, ჩვენ 2023 წლისთვის მოვამზადებთ ანგარიშს, თუ როგორ არის შესრულებული გაფართოების პაკეტში გაწერილი პრიორიტებები. ეს მისცემს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას საკმარის დროს, სიღრმისეულად იმუშაოს აღნიშნულ პრიორიტეტებზე“, – მიხაელ რუპმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.
ევროპარლამენტში დღეს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთნახმების შესრულებას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს განიხილავდნენ.
17 ივნისს, ევროკომისიამ გამოქვეყნა თავისი მოსაზრება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ისინი მხარს უჭერდნენ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის კი ევროპული პერსპექტივის დადასტურებას და რეკომენდაციებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
ევროკომისიის შეფასების საფუძველზე ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკომისიის მიერ გაწერილ პრიორიტეტებს შეასრულებს. ევროკომისიამ 12 რეკომენდაცია გამოსცა, რომელიც საქართველომ უნდა გაითვალისწინოს. ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის თავდაპირველი გადაწყვეტილებით, ევროკომისიას საქართველოს შესახებ ანგარიში 2022 წლის ბოლოსთვის უნდა გამოექვეყნებინა.