„საქართველოს მომავალი არც ისე ოპტიმისტურია, ამ პროცესებით გახარებული მხოლოდ მოსკოვია“ - კუბილიუსი

პუბლიკა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა, „ფორმულასთან“ ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

„გაბრაზებული ვარ. გაბრაზებული ვარ პოზიციაზეც და ოპოზიციაზეც. რა თქმა უნდა, ამ პროცესებზე პასუხისმგებლობა მთავრობას აკისრია, მაგრამ ორივე მხარე სტრატეგიულ პასუხისმგებლობებს არ ითვალისწინებს.

საქართველოს მომავალი არც ისე ოპტიმისტურია, როგორც ეს ადრე იყო. ამ პროცესებით გახარებული მხოლოდ მოსკოვია.

მნიშვნელოვანია, რომ ამას ქართული პოლიტიკური ელიტა ხვდებოდეს. ორივე მხარემ უნდა გაიაზროს, რატომ სწირავენ ქვეყნის მომავალს თავიანთ უპასუხისმგებლო საქციელს.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დასავლეთისთვისაც მნიშვნელოვანია. როდესაც ვხედავთ, თუ რამდენად ადვილად შეიძლება ეს შესაძლებლობა დაიკარგოს, ძალიან სამწუხაროა“, – ამბობს ის.

კუბილიუსის განცხადების თარგმანს „ფორმულა“ ავრცელებს.


პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა.

შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.