ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს ეწვია. კელი დეგნანმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან და აპარატის თანამშრომლებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
„საქართველოს მომავალი დიდწილად მოსამართლეების ხელშია. ეს ძალიან საპატიო და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.
საელჩოს განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ვიზიტისას ელჩმა განსაკუთრებით აღნიშნა ამ სასამართლოს მნიშვნელობა საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის იქნება ნაკარნახევი საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურის განცხადებით, ელჩის შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, რა დროსაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და აპარატის თანამშრომლებს ჰქონდათ ელჩთან კითხვების დასმის შესაძლებლობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობის მიმართულების სხვადასხვა საკითხზე.
„საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ მადლობა გადაუხადა ელჩს ვიზიტისთვის და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის“, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.