საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში დასაქმების კვოტა 5 000-მდე გაიზარდა - სამინისტრო

პუბლიკა

გერმანიის დასაქმების სააგენტომ სხვა სამინისტროებთან ერთად დაასრულა საქართველოს შრომის უწყებასთან მოლაპარაკება და საქართველოს მოქალაქეების სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის კვოტა გაზარდა.

გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კვოტა ქართული მხარის დიდი ინტერესის გამო 5 000-მდე გაიზარდა.

„2021 წლისთვის საქართველოდან გერმანიაში 5 000 მოქალაქე შეძლებს შემოსვლას. მათი ჩამოსვლა 2021 წლის მაისის დასაწყისშია მოსალოდნელი“, – აღნიშნავს სამინისტრო.


„დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე“ ერთ დღეში სააპლიკაციო ფორმა „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ 35 121 პირმა შეავსო.

თავდაპირველი ინფორმაციით, გერმანიაში 500 ადამიანის დასაქმება იგეგმებოდა.

დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ, სეზონური სამუშაოები კი 1 აპრილიდან დაიწყება.

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  •  18 წლიდან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;

  •  გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;

  •  ფიზიკური ჯანმრთელობა;

  •  მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;

  •  ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;

  •  გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.