საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე, ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-კვლევის დამადასტურებელ ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენენ სახელმწიფო საზღვარზე, 8-დღიან თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმის შემსუბუქების საკითხზე გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე, ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელ ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენს სახელმწიფო საზღვარზე, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას, ხოლო, ამ ტესტის უქონლობის შემთხვევაში, ეს ადამიანი გადავა, კარანტინის ნაცვლად, 12-დღიან თვითიზოლაციაში. შესაბამისად, მას არ მოუწევს საკარანტინო სასტუმროებში განთავსება. იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ ექნებათ თვითიზოლაციის შესაძლებლობა, სახელმწიფო, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს მათ შესაბამის სასტუმროებში განთავსებას“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.