საქართველოს მოქალაქეთა დასაბრუნებელ ავიარეისზე ბილეთების შეძენას, სავარაუდოდ, გადამყიდველი ცდილობდა - „ჯორჯიან ეარვეისი“

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ მათ ბილეთების საეჭვო შესყიდვის მცდელობის შესახებ შეატყობინა. კომპანიის ცნობით, სავარაუდოდ, გადამყიდველი ბილეთების შეძენას 12 აპრილის ბერლინი-თბილისი რეისზე ცდილობდა.

„კომპანიის ვარაუდით, მოქალაქემ, რომელიც კომპანიის პირველადი მოკვლევის თანახმად იმყოფებოდა საქართველოში, სცადა ერთდროულად რამდენიმე ბილეთის შესყიდვა, დიდი ალბათობით მომხმარებლისთვის დამატებითი გასამრჯელოს სანაცვლოდ მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

როგორც ცნობილია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრულ რეისებზე, რომლებიც ემსახურება უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების უზრუნველყოფას, დადგენილია სამგზავრო ბილეთის ზღვრული ფასი -199 ევრო და ყოვლად დაუშვებელია მოხდეს მათი სხვა ფასში რეალიზება“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო უწყების ინფორმაციით, „ჯორჯიან ეარვეისმა“ შსს ფაქტის მოკვლევის თხოვნით მიმართა.