საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა, რომელიც ორი კვირის წინ უხანში იმყოფებოდა, მძიმე არაა - ინფექციურის ექიმი

პუბლიკა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ტემპერატურით ქალი შეიყვანეს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით ორი კვირის წინ ჩინეთში, ქალაქ უხანში იმყოფებოდა.

“ახლა კვლევების ეტაპი ისევ მიმდინარეობს. გასინჯვით პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის. ტემპერატურა ნორმაშია. რადიოლოგიურად პნევმონია არ აქვს. დანარჩენი კვლევები ახლა ტარდება. მძიმე არაა მდგომარეობა მაგრამ საჭიროებს დაკვირვებას. რომ მოიყვანეს თქვეს რომ ჰქონდა ცხელება. ამ ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არც კლინიკური და არც ლაბორატორიული ამ ეტაპზე არ ჩანს.” – განუცხადა “პუბლიკას” ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ალექსანდრე გოგინავამ.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ უხანი 19 იანვარს დატოვა, საიდანაც ტაილანდში გაემგზავრა. თბილისში კი, დღეს დუბაიდან ჩამოვიდა. შემოწმებისას მას აეროპორტში მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდა, რის შემდეგაც გამოკვლევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.