საქართველოს მოსახლეობა, საშუალოდ, უფრო ბედნიერად გრძნობს თავს, ვიდრე უბედურად – CRRC

პუბლიკა

CRRC – საქართველოს კვლევით, საქართველოს მოსახლეობა, საშუალოდ, უფრო ბედნიერად გრძნობს თავს, ვიდრე უბედურად. ბედნიერების მაჩვენებელი 2010 წელთან შედარებით მცირედით გაუმჯობესდა.

სამაგიეროდ, როგორც CRRC წერს, ბოლო ათწლეულის განმავლობაში შეიცვალა განწყობა სხვების მიმართ – ადამიანები, საშუალოდ, მიიჩნევენ, რომ სხვებთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და შემცირებულია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხალხის უმეტესობას შეგვიძლია ვენდოთ.

ასევე, მოსახლეობა უფრო მიდრეკილია, თქვას, რომ ადამიანები საკუთარ ბედზე თავად აგებენ პასუხს. ფატალიზმის აღქმასთან დაკავშირებულ კითხვაში პასუხს – „ცხოვრებაში ყველაფერი ბედისწერას ემორჩილება“ სჭარბობს პასუხი – „ადამიანები თავად განაგებენ საკუთარ ბედს“.

რაც შეეხება საქართველოსადმი დამოკიდებულებას, გამოკითხულთა 23% მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა ვერასდროს გამოსწორდება, 69% კი მიიჩნევს, რომ „საბოლოო ჯამში, საქართველოში ყველაფერი კარგად იქნება“.

CRRC საქართველოს მიხედვით, „კავკასიის ბარომეტრის“ ფარგლებში საქართველოში ჩატარებული გამოკითხვა ქვეყნის წარმომადგენლობითია, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით. გამოკითხვა წარმოებს აზერბაიჯანულ, სომხურ და ქართულ ენებზე, პირისპირ, პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით.

საველე სამუშაოები მოიცავს 2019 წლის 9 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს  და გამოპასუხების დონე 36%-ს შეადგენს. გამოკითხულია 2 317 რესპონდენტი.

ცდომილება:

  • 5% და 95% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-0.7%
  • 10% და 90% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-2.7%
  • 25% და 75% ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-3.7%
  • 50%-ის ახლოს მყოფი შეფასებისთვის: +/-4.1%