გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი დღეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
„მადლობელი ვარ თქვენი მკაფიო და ძლიერი პოზიციისთვის თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად. საქართველოს მოსახლეობამ ევროპის გზა აირჩია. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მის ევროპულ გზაზე, რაც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებასაც მოიცავს“, – უთხრა მან სალომე ზურაბიშვილს.
თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ უარი თქვა რუსულ კანონპროექტებზე.
მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა.
8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრაზმის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშრომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა.
მმართველი პარტიის დაპირების მიუხედავად, კანონპროექტების გაწვევის შესახებ, 9 მარტს კვლავ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა პარლამენტთან. მოქალაქეებს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ – დროულად ჩანიშნულიყო პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონპროექტს ჩააგდებდნენ და მეორე – გაეთავისუფლებინათ აქციებზე დაკავებულები.
10 მარტს 12 საათზე პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა ჩააგდო პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ხოლო მეორე კანონპროექტი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც არ იყო მიღებული პირველი მოსმენით, ინიციატორებმა პარლამენტიდან გაიწვიეს.