საქართველოს მთავრობა ,,ხუდონჰესის“ პროექტის ,,გაცოცხლებას“ გეგმავს - სონღულაშვილი

პუბლიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ USAID-ს მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში განახლებადი ენერგიის როლს ეხებოდა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„2022 წელს საქართველოს მთავრობამ განახლებადი ენერგიის წარმოების მიმართულებით რამდენიმე პროექტი დაამტკიცა, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 200 მლნ აშშ დოლარია (მზის, ქარის და ჰიდროელექტროსადგურების პროექტების საერთო ჯამური დადგმული სიმძლავრე 150 მგვტ. იქნება).  „სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ოთხი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას იწყებს, რომელთა სავარაუდო ჯამური ინვესტიცია 270 მილიონ ევროს შეადგენს.

საქართველოს მთავრობა ,,ხუდონჰესის“ პროექტის ,,გაცოცხლებას“ გეგმავს, რომლის თანახმადაც გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა 1.5-ჯერ გაიზრდება, ძველ სქემებთან შედარებით. შესაბამისად, ელექტროენერგიის თვითღირებულება იქნება შედარებით დაბალი, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის შიგნით ტარიფების სტაბილურობას და კონკურენტუნარიან პირობებს შეუწყობს ხელს”, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დეპუტატმა თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რუსული ენერგეტიკული რესურსებისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობის აქტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

„აღნიშნული პროექტების შესაძლო განხორციელების სიცხადეს ის ფაქტიც სძენს, რომ ევროკავშირის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ევროპა სრულად დამოუკიდებელი გახდეს რუსული ენერგეტიკული რესურსებისგან. შესაბამისად საჭირო გახდა თავისი ენერგეტიკული სისტემის გადაიარაღება, რისთვისაც მას დამატებით 210 მილიარდი ევრო სჭირდება, რათა 2027 წლისთვის ყველა მიზანი მიღწეული იყოს…

მიმაჩნია, რომ ამ პროცესებს ჩვენი ქვეყანა არა თუ არ უნდა ჩამორჩეს, არამედ აქტიური მონაწილე იყოს, რაც სტაბილური მარეგულირებელი და საბაზრო ჩარჩოს ქონის შესაძლებლობას ქმნის, რომელიც ელექტროენერგიის გამომუშავებაში ინვესტიციების მოზიდვისა და სტაბილური/უწყვეტი ენერგომომარაგების უზრუნველყოფას ნიშნავს.

გარდა ამისა, მუშაობას ვიწყებთ ენერგო დამოუკიდებლობის აქტზე, რომლის ფარგლებშიც ამერიკის მთავრობის დიდი მხარდაჭერა გვაქვს და რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. გარკვეული შეთანხმებები უკვე არსებობს, პროცესი მიმდინარეა და სამუშაო ჯგუფებიც უკვე აქტიურად მუშაობენ. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ მზად ვიქნებით იმისთვის, რომ ამ სამუშაოებში რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული პირი ჩავრთოთ და უზრუნველვყოთ საერთო სახალხო თანამონაწილეობა”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.