საქართველოს მთავრობა მკაფიო იყო უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვაში - დეგნანი

პუბლიკა

საქართველოს მთავრობა მკაფიო იყო უკრაინისადმი მხარდამჭერ განცხადებებში, ვნახეთ გულუხვი ჰუმანიტარული მხარდაჭერა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა.

​კელი დეგნანის თქმით, საქართველოს მკაფიო განცხადებები გაეროში, ეუთოში და სხვა მრავალმხრივ ფორუმებზე იყო საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულებები ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან ერთად დგომის კუთხით ამ კრიტიკულ დროს.

„საქართველოს მთავრობა მკაფიო იყო უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვის კუთხით. ასევე საქართველომ უკრაინელებს როგორც უკრაინაში, ასევე აქ, საქართველოში მყოფ უკრაინელებს ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა. მივესალმებით საქართველოს განცხადებებს გაეროსა და ეუთოში. მთავარი, რისი დანახვაც ახლა გვსურს არის ერთიანობა.

საქართველოში ყველამ გვერდზე უნდა გადადოს პოლარიზაცია და მოხდეს იმ საკითხების ირგვლივ გაერთიანება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რეგიონისთვის, მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური საზოგადოებისთვის. ასე რომ იმედი გვაქვს, გაგრძელდება მხარდაჭერის გამოხატვა”, – აღნიშნა ელჩმა.

მისი სიტყვებით, აშშ აქტიურად ადევნებს თვალს საქართველოს ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის საკითხს. მისი თქმით, ეს საქართველოსთვის უზარმაზარი შესაძლებლობაა, რათა განახორციელოს ის რეალური პროგრესი რეფორმების გზაზე, რომელიც აუცილებელია საქართველოს მომავლისთვის, აუცილებელია ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისთვის და რომელსაც თანხმდება ყველა პოლიტიკური მხარე.

„ახლა არის უზარმაზარი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ მიაღწიოს პროგრესს იმ პოლიტიკურ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელზეც შეთანხმებას ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია და რომელიც საჭიროა საქართველოს მომავლისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

ასე რომ, ეს არის დიდი შესაძლებლობა საქართველოსთვის და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ახლა არის ერთიანობის დრო, ახლა არის საქართველოს მომავალზე ორიენტირების დრო. ასევე თავდასხმების გვერდზე გადადების, რომელიც ხელს უწყობს პოლარიზაციასა და დაყოფას, იმაზე დაფიქრების, საით მიდის ეს ქვეყანა და საქართველოს მომავლისთვის ერთად მუშაობის. ახლა არის პროგრესის მიღწევის დრო.

გვჯერა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის, მაგრამ ქართველებზეა დამოკიდებული იმუშაონ ამისთვის. ვიცით, რთული სამუშაოა, მაგრამ გვჯერა თქვენ ამის გაკეთება შეგიძლიათ”, – აღნიშნა ელჩმა.