საქართველოს მთავრობა უკრაინის ელჩის გაწვევაზე განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

საქართველოს მთავრობა ადმინისტრაციის უფროსის, ილია დარჩიაშვილის მიმართვას ავრცელებს, რომელშიც ის უკრაინის ელჩის გაწვევაზე საუბრობს.

„გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ; მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, საქართველო აგრძელებს და კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, – განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ილია დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის პოზიცია უცვლელი რჩება – უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება.

„პროვოკაციული იყო გუშინ, მოხალისეების ჩარტერული რეისით უკრაინაში გაგზავნის დემონსტრაციული მცდელობა, რაც ასევე იყო ორგანიზებული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და იქნებოდა აღქმული, როგორც საქართველოს საომარ მოქმედებებში ირიბი ჩართვა.“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას და ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეუძლია ქვეყანას, რომელმაც 2008 წლის ომი გადაიტანა და რომლის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ.

„საქართველოს თუნდაც ირიბად ჩართვა სამხედრო მოქმედებებში გამოუსწორებელ შედეგებს მოუტანდა ჩვენს ქვეყანას. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, საქართველო აგრძელებს და კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.