საქართველოს მთავრობამ პარლამენტის წინაშე უფლებამოსილება ოფიციალურად მოიხსნა. პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი მას ცნობად იღებს.
„მინდა, გაცნობოთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბატონმა გიორგი გახარიამ მოგვმართა, რომ საქართველოს მთავრობა იხნის უფლებამოსილებას პარლამენტის წინაშე, როგორც ეს საქართველოს კანონით არის გათვალისწინებული. გთხოვთ, მივიღოთ ცნობად ეს წერილი“, – მიმართა დეპუტატებს არჩილ თალაკვაძემ.
კონსტიტუციის მიხედვით, ახალარჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას პარლამენტის წინაშე და განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე. პრემიერ-მინისტრის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში გაიმართება უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები.