საქართველოს მთავრობას სანქციებთან შეერთებას არავინ სთხოვს, ეს თავად უნდა გადაწყვიტოს - დეგნანი

პუბლიკა

ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა პარლამენტში პოლიტიკურ პარტიათა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, სანქციებთან შეერთებას საქართველოს მთავრობას არავინ სთხოვს და ეს თავად მთავრობის გადასაწყვეტია. ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებთან თანხვედრაშია, ხოლო იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც სანქციებთან თანხვედრაში არ არიან, შესაბამისი შედეგები დადგება.

„მინდა ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, არავინ არ სთხოვს საქართველოს მთავრობას, რომ შეუერთდეს სანქციებს. თუ ამის გაკეთება არ სურთ, მთავრობამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ იმოქმედებს. მოლოდინი, რაც არსებობს ჩემი ქვეყნისა და ყოველი ქვეყნის მიმართ, არის ის, რომ დადგნენ ამ რუსული აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებთან თანხვედრაში ყოფნით. საქართველო ყოველთვის კარგი პარტნიორი იყო, როდესაც საქმე ეხებოდა საერთაშორისო სანქციებს – ეს იყო ირანის თუ სხვა ქვეყნებზე, რომლებიც საქართველოსნაირი და ამერიკისნაირი ქვეყნების წინააღმდეგ იყვნენ მიმართული. ჩვენს ქვეყნებს კი უსაფრთხოების, სტაბილურობისა და თავისუფლების სწამთ. აუცილებელია, რომ არ ავურიოთ ერთმანეთში ეს მნიშვნელოვანი საკითხები – რაზე ვლაპარაკობთ, როდესაც საერთაშორისო სანქციებთან თანხვედრაზე ვლაპარაკობთ. საქართველო თანხვედრაშია საერთაშორისო სანქციებთან. ბევრი სანქცია, შეიძლება, პირდაპირ არ ეხებოდეს საქართველოს. ასევე, ყველა იმ ქვეყნისთვის დადგება შედეგი, რომლებიც არ არიან თანხვედრაში საერთაშორისო სანქციებთან“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანს ჟურნალისტებმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, კობახიძის განცხადებაზეც ჰკითხეს, რომლის მიხედვითაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოს და არც საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას.

„2008 წელს მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საქართველოს მხარდასაჭერად ამერიკამ მილიარდი დოლარი გამოყო, ჩემი ქვეყნისგან და სხვა ქვეყნებისგან მნიშვნელოვანი დახმარება გამოიყო საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად, უსაფრთხოების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად კი ახლა საქართველოს თავდაცვა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე 2008 წელს იყო.

ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, რომ ერთად უნდა დავდგეთ რუსული აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც ხოცავს ათასობით უკრაინის მოქალაქეს და ანადგურებს უკრაინის ქალაქებს. ამ სანქციების მიზანია, რომ გავლენა მოახდინოს რუსეთის ქმედებებზე“, – განაცხადა დეგნანმა.