საქართველოს მთავრობაში NATO-ზე ენთუზიაზმმა მოიკლო და ეს შესაძლოა რუსეთის მიერ „ელიტის მიტაცებას“ უკავშირდებოდეს - „ამერიკის ხმა“

პუბლიკა

მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ.

ვაშინგტონში დაფუძნებულ „ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრში“ გამართულ შეხვედრაზე შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, რეგიონის ქვეყნების როლზე და NATO-ს მხრიდან შავი ზღვის მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენის საჭიროებაზე ისაუბრეს. შეხვედრისას გამომსვლელბმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ შავი ზღვის აუზში ნატოს გაძლიერება მნიშვნელოვანია და რომ სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოსაც აკისრია როლი რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობაში.

გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ საქართველო რეგიონის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უკვე იყოს NATO-ს წევრი. თუმცა გენერლის თქმით, ბოლო პერიოდში მთავრობის მხრიდან ენთუზიაზმის კლება იგრძნობა.

„საქართველო უკვე უნდა იყოს NATO-ს წევრი. მაგრამ სექტემბერში თბილისში ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ, განვიცდი იმას, რომ მთავრობისგან იგივე ენთუზიაზმი ვერ ვიგრძენი, როგორც მანამდე ვგრძნობდი. ჯარი ისეთივე პროფესიონალური და თავდადებულია, როგორც ყოველთვის, მაგრამ მართალი გითხრათ, მთავრობის წარმომადგენლებისგან დასავლური ინტეგრაციის მიმართ ენთუზიაზმი განელებულია“ – უთხრა გენერალმა ჰოჯესმა „ამერიკის ხმას.“

მას მიაჩნია, რომ შავი ზღვის აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოება და ანაკლიის პორტის პროექტის წარმატებით დასრულება ერთმანეთთან დაკავშირებული თემებია. მისი თქმით, ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს. თუ ანაკლია ისეთ პორტად აშენდა, როგორიც მას შეუძლია იყოს, მაშინ საქართველო ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური პორტალი გახდება. ევროპული კომპანიები საქართველოში ინვესტიციებს ჩადებენ. ამით საქართველოს უსაფრთხოება ავტომატურად გაუმჯობესდება იმის გამო, რომ მისი დაცვით ყველა დაინტერესებული იქნება. სწორედ ამიტომ არ სურს რუსეთს მისი აშენება.“

ანაკლიის პორტი კომერციული პროექტია, თუმცა მისი პოტენციური აშენება ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკურ ასპექტებსაც მოიცავს. გენერალი ჰოჯესი ამბობს, რომ ანაკლიამ საქართველოში შესაძლოა ამერიკის სამხედრო გემებიც მიიზიდოს. „დღეს ამერიკის საზღვაო ძალები მონტროს კონვენციის გათვალისწინებით, შავ ზღვაში ოდესის და კონსტანცის პორტებს სტუმრობენ. მაგრამ, ისეთი მნიშვნელოვანი პორტის აშენების შემთხვევაში, როგორიცაა ანაკლია, ისინი ვფიქრობ მარტივად ისარგებლებდნენ პორტით პროფილაქტიკის, ლოგისტიკური მხარდაჭერის თუ სხვა მრავალი მიზეზის გამო. ეს ზუსტად ისაა, რატომაც არ უნდა რუსეთს ამ პორტის აშენება.“

ანაკლიის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ პორტი ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს და უსაფრთხოებას გაამყარებს. თუმცა, არსებობს საპირისპირო არგუმენტიც, რომ საქართველო ნატოსგან შორსაა და სამხედრო დახმარების აღმოჩენის საჭიროების შემთხვევაში, ის რთულად დასაცავი ქვეყანაა.

ამაზე გენერალი ჰოჯესი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ კრემლის შეკავების მეთოდებზე მუშაობა უნდა გააგრძელოს იმისთვის, რომ რუსეთმა საქართველოში ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციაზე არასოდეს იფიქროს.

„საქართველოს უსაფრთხოება დიდწილად მის მეზობლებზე და შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. ამიტომ, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რუსეთმა ის ვერ მოინელოს. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის შეკავება ისე უნდა მოხდეს, რომ მან ვერასოდეს იფიქროს იმაზე, რომ საქართველოს გადაუაროს. მე რასაც ვხედავ, საქართველოს შეიარაღებული ძალების ლიდერები ამას აცნობიერებენ იმაზე ფიქრით, რომ იყიდონ სწორი იარაღი, შეიმუშაონ სწორი ტაქტიკა, თავის სასარგებლოდ გამოიყენონ ქვეყნის რთული ლანდშაფტი. საქართველომ რუსეთის შეკავება უნდა შეძლოს, სანამ მოკავშირეები მოვლენ დასახმარებლად.“

გენერალი ჰოჯესი ამასთან ერთად აცხადებს, რომ საქართველოში ამერიკის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდა ქვეყნის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მყარი გარანტი იქნება.

„ვისურვებდი, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველო გამოიყენოს, როგორც მოკავშირე ჰორიზონტზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში გამოწვევების დაძლევაში დაგვეხმარება. შეიძლება ეს მუდმივი ბაზა არ იყოს, მაგრამ მოიცავდეს სამხედრო ავიადრომის გაფართოებას საჰაერო ძალების წარმომადგენლობისთვის. სხვა ბევრი გზის მონახვა შეიძლება კრემლისთვის იმის საჩვენებლად, რომ არ აქვს უფლება უბრალოდ გადაწიოს ხოლმე ადმინისტრაციული ხაზი, დაემუქროს საქართველოს მაშინ, როცა მოისურვებს,“ უთხრა მან „ამერიკის ხმას“.

მარკ ვოიგერი, ბაიდენის ცენტრის მკვლევარი გენერალ ჰოჯესს ეთანხმება და ამბობს, რომ საქართველო NATO-ში გაწევრიანებისთვის მზადაა. თუმცა დასძენს, რომ ქვეყანა რუსეთის ჰიბრიდული ოპერაციების სამიზნეა. „მოგეხსენებათ, გერასიმოვის დოქტრინის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ ისაა, რომ მოხდეს ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია იმისთვის, რომ ეს ქვეყნები ნატოს წევრები ვერ გახდენენ.“

ვოიგერი დასძენს, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ „ქვეყნებში პოლიტიკურ ელიტებზე ისეთი გავლენა იქონიოს, რომ ზოგიერთი პროცესის მიმართ ენთუზიაზმი გაანელოს. როცა რუსეთი მიზანს სამხედრო ძალით არ ან ვერ აღწევს, მაშინ კრემლი ჰიბრიდულ მეთოდებზე გადადის იგივე მიზნის მისაღწევად კულტურული, რელიგიური და ისტორიული კავშირებით მანიპულირებით.“

ამ მეთოდების გამოყენებით რუსეთი საქართველოში ფართო საზოგადოების აზრის შეცვლას ვერ ახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ პრორუსული სენტიმენტები მომატებულია, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ქართველ ხალხს დასავლურ ინსტიტუტებში – NATO-სა და ევროკავშირში – ინტეგრაცია სურს. ვოიგერი ამბობს, რომ ამის გამო, მთავრობამ ხალხს უნდა მოუსმინოს.

„ჯერ არ არის ცნობილი გაიგებს, თუ არა მომიტინგეების ხმას მთავრობა. რამდენიმე წლის წინ საქართველოსთან დაკავშირებით დასავლეთში ენთუზიაზმის დონე უფრო მაღალი იყო. მაშინ საქართველოშიც მეტად იგრძნობოდა ერთობა ხალხსა და მთავრობას შორის. დღეს სამწუხაროდ რუსეთი საქართველოში „ელიტის მიტაცებითაა“ დაკავებული. რუსეთს სუვერენული მოკავშირეები არ სჭირდება, რუსეთს ვასალები და მონები სჭირდება. თუ ვინმეს საქართველოში სჯერა იმის, რომ რუსეთის თანასწორუფლებიანი პარტნიორი იქნება, ძალიან ცდება. ეს არ იქნება „ქართული ოცნება,“ ეს უფრო „რუსული კოშმარი“ იქნება. მთავრობა ხალხის ხმას უნდა მიჰყვეს,” უთხრა ვოიგერმა „ამერიკის ხმას“.