„საქართველოს მთავრობის წარმოუდგენლად სულელური ნაბიჯი ლეგიტიმური პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ“, – ასე ეხმაურება ნიკა მელიას დაკავებას ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი და Twitter-ზე ამერიკის საელჩოს განცხადებას აზიარებს.
„სამწუხარო დღეა ქართული დემოკრატიისთვის“, – დასძენს ის.
Incredibly Dumb move by Georgian Government against a legitimate political party. Sad day for democracy in the Country of Georgia. https://t.co/O2ZzETp3Xm
— Adam Kinzinger (@RepKinzinger) February 23, 2021
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა.
შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.
ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.