ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, ისინი ელოდებიან საქართველოს ხელისუფლებისგან პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე. თუმცა ამ კუთხით იმედისმომცემ ნაბიჯებს ჯერჯერობით ვერ ხედავს. ამის შესახებ ლანდსბერგისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მინისტერიალის დაწყებამდე თქვა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრება.
„როდესაც საუბარია წევრობის სტატუსზე, სამწუხაროა იმის ნახვა, რომ საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნები, როგორიცაა მოლდოვა და უკრაინა, სხვადასხვა ლიანდაგზე დგანან. ლიეტუვა ყოველთვის აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თქვენთვის სწრაფ გზაზე დაბრუნების გასაღები კვლავ საქართველოს მთავრობის ხელშია.
მე ძალიან მსურს, ვიხილო საქართველოს მთავრობის უფრო პროაქტიული მოქმედება, მეტი ენერგია, მეტი სიმტკიცე კანდიდატის სტატუსზე გადასვლისთვის. ჯერჯერობით ჩვენ არ გვინახავს იმედისმომცემი ნაბიჯები. პროგრესს, რომელიც, როგორც ვახსენე, გადაიყვანს საქართველოს გაწევრიანების მატარებელს უფრო სწრაფ ლიანდაგზე, არ მიუღწევია მათთან, ვისაც მხარდაჭერის დიდი სურვილი ექნება“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ჟურნალისტებთან.