საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მარცხით დაიწყო

პუბლიკა

1-0 – საქართველოს ეროვნული ნაკრები შვედეთთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩი ვილი სანიოლის მეთაურობით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შვედეთის ქალაქ სოლნაში „ფრენდს არენაზე“ გამართა.

მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ნაკრების ახალმა მწვრთნელმა, მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა კაპიტანმა ვილი სანიოლიმ თქვა, რომ გუნდსა და მოთამაშეებზე გარკვეული წარმოდგენა უკვე შექმნილი აქვს, თუმცა გუნდთან სამუშაოდ ცოტა დრო ჰქონდა.

შვედეთს განსაკუთრებული უპირატესობა მიანიჭა იმან, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, „მილანის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ნაკრებში ხუთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. სწორედ მისი პასით მოიგო შვედეთმა პირველი ტაიმი. იბრაჰიმოვიჩის გადაცემით კლაესონმა ანგარიში გახსნა.

39 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც ნაკრებში 116 მატჩში 62 გოლი გაიტანა, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შვედეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის მოგებას აპირებს.

შვედეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირებას „სოლნას ფრენდს არენაზე“ ფრანგი მსაჯები არბიტრობდნენ.

შვედეთ-საქართველოს სასტარტო შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:

შვედეთი (4-4-2): ნორდფელდტი – ლუსტიგი, ლინდელიოფი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი – კულუშევსკი, ლარსონი, ოლსონი, კლაესონი – ისაკი, იბრაჰიმოვიჩი.

საქართველო (4-3-2-1): ლორია – ჩაბრაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე – კანკავა, კვეკვესკირი, აბურჯანია – ლობჟანიძე, კვარაცხელია – ქვილითაია.


საქართველოს ნაკრები 28 მარტს დინამო არენაზე ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე გულშემატკივარი შეზღუდული რაოდენობით შეძლებს დასწრებას. 31 მარტს კი ჯვაროსნები საბერძნეთში გაემგზავრებიან.