საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის პრეზიდენტი ეწვია

პუბლიკა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი ეწვია.

პრეზიდენტის დახვერის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სალომე ზურაბიშვილი იოჰანესონს პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვდა, რის შემდეგაც მედიისთვის გაკეთდა ერთობლივი განცხადებები.

„ჩვენ განვიხილეთ დღევანდელი სიტუაცია თავისი ჰუმანიტარული ასპექტებით და შევთანხმდით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს არის სოლიდარობა ამ ქვეყნის მოსახლეობის მიმართ. ისლანდია, როგორც ნატო-ს დამფუძნებელი სახელმწიფო და საქართველო, რომლის მიზანია ნატო-ში ინტეგრაცია, იზიარებენ ერთიან სულისკვეთებას ევროპის კონტინენტზე მშვიდობის სტაბილურობის და თავისუფლების განმტკიცებისთვის. ერთად განვიხილეთ ამ მხრივ შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაზრდილი როლი ალიანსის სტრატეგიაში. პრეზიდენტთან ერთად ვრცლად განვიხილეთ ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უმძიმესი მდგომარეობა და დღევანდელი გამოწვევა, ახალი ნაბიჯები, ახალი სამხედრო ბაზა ოჩამჩირეში, რასაც აცხადებს რუსეთი, როგორც პროექტს, რუსეთისთვის გადაცემა წარმოადგენს ახალ აგრესიულ ნაბიჯებს საქართველოს მიმართ და ასევე დესტაბილიზაციის ნაბიჯებს შავი ზღვის მიმართულებით. დასაფასებელია, რომ პრეზიდენტმა იოჰანესონმა გამოთქვა სურვილი, მოინახულოს საოკუპაციო ხაზი და ადგილზე გაეცნოს რუსული ოკუპაციის მძიმე სახეს და შედეგებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ასევე ისაუბრეს კლიმატის ცვლილებებზე, ბუნებრივი კრიზისების მართვასა და საქართველო-ისლანდიის ბიზნესურთიერთობის პოტენციალზე.

გუდნი იოჰანესონმა აღნიშნა, რომ ისლანდია მიესალმება საქართველოს NATO-ში გაწევრების სურვილს.

„ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს და ჩვენ, ისლანდიაში მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, ქართველ ხალხთან სხვადასხვა სფეროში. ყველა ასპექტი, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, რეალურად იქნა ჩვენ მიერ განხილული. როდესაც ორმხრივ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, ამ კუთხით, საქართველოს სრულიად მხარს ვუჭერთ. აგრეთვე, მივესალმებით საქართველოს სურვილს, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ალიანსში. ამ მიმართულებითაც მზად ვართ, მხარდაჭერა გამოგიცხადოთ“, – განაცხადა ისლანდიის პრეზიდენტმა.

დღესვე დაგეგმილია გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონია.

ისლანდიის პრეზიდენტის ვიზიტი 3 დღეს გაგრძელდება. მომდევნო დღეებში ის ეწვევა საოკუპაციო ხაზს, ასევე შეხვდება პარლამენტის თავმდჯომარეს და პრემიერ კობახიძეს.