„საქართველოს პენცენტრი“ აცხადებს, რომ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიასთვის პატიმრობის შეფარდება უსამართლო გადაწყვეტილებაა. ორგანიზაცია მათ გათავისუფლებას მოითხოვს.
„საქართველოს პენცენტრი მიიჩნევს, რომ ესაა უსამართლო გადაწყვეტილება, რომლის მიზანიც აქტივისტების სამაგალითო დასჯა და შესაბამისად, პროტესტის ჩახშობის მცდელობაა და მოითხოვს დაკავებულების გათავისუფლებას!“, – აცხადებს „პენცენტრი“.
23 იანვარს, ხატიაშვილების ოჯახის ძალადობრივი გამოსახლების დროს დაკავებულ აქტივისტებსა და მეცნიერებს, გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლე დავით კუტალაძემ არ გაიზიარა ბრალდებულების ადვოკატის შუამდგომლობა გირაოს და თავდებობის შესახებ. აკაკი ჩიქობავას თავდებში უდგებოდნენ თსუ-ს პროფესორები ალექსანდრე ბოშიშვილი და თედო დუნდუა. ხოლო გიორგი ხასაიას – ილიაუნის პროფესორები, თამთა მიქელაძე და ქეთევან გურჩიანი.
მანამდე თსუ-ს და ილიაუნის მეცნიერებმა მიმართეს სასამართლოს თხოვნით, არ შეეფარდებინათ მათი კოლეგებისთვის წინასწარი პატიმრობა.