საქართველოს პირველმა არხმა ახალი შენობის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა

პუბლიკა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს პირველმა არხმა ახალი შენობის მშენებლობის ტენდერი გამოაცხადა. პირველი ეტაპი მოიცავს ონსტრუქციული და არქიტექტურული სამუშაოების ჩატარებას.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 46 755 039 ლარია. ახალი შენობა პოლიტკოვსკაიას 31-ში იქნება განთავსებული.

სამუშაოს შესასრულებელი ვადების მიხედვით, კონსტრუქციული ნაწილის შესასრულებლად 12 თვე განისაზღვრა, ხარვეზების გამოსწორების პერიოდად ასევე 12 თვე.

არქიტექტურული ნაწილისთვის 30 თვეა განსაზღვრული, შეცდომის გამოსასწორებლად 12 თვე. განაცხადის მიხედვით, წინადადებების მიღება 25 ივლისს იწყება და 30 ივლისს სრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ყველა სახის შესრულებულ სამუშაოზე სწორი ექსპლუატაციის პირობებში საგარანტიო ვადაა განისაზღვრება 3 (სამი) წლით, ამასთანავე ჩამოთვლილ სამუშაოებზე დამატებით განსაზღვრულია შემდეგი საგარანტიო ვადები:

1. ძირითადი კონსტრუქციული სისტემა – 70 წელი;
2. სახურავი – 15 წელი;
3. არქიტექტურული მემბრანის მოწყობის სამუშაოები – 10 წელი;
4. ვიტრაჟი – 20 წელი;
5. შენობის შიდა მოპირკეთება – 5 წელი;
6. დანადგარ-მოწყობილობებზე მწარმოებლის მიერ გაცემული საგარანტიო ვადა;

„მშენებლობის ზედამხედველობისთვის საქართველოს პირველმა არხმა, ასევე ტენდერის მეშვეობით, დაიქირავა საერთაშორისო პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე რეგიონში ლიდერი კომპანია „სიემსი“, რომელიც აქტიურად იქნება ჩართული პროექტის მართვაში.

ვინაიდან კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობა არის ავარიული, მოქმედმა მენეჯმენტმა და არხის სამეურვეო საბჭომ 2017 წელს მიმართეს ეკონომიკის სამინისტროს და სამინისტროს გადაწყვეტილებით, არხს მფლობელობაში გადაეცა ორი ჰექტარი მიწის ფართობი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე. 2017 წელს საქართველოს პირველი არხის მენეჯმენტმა გამოაცხადა კონკურსი და ახალი შენობის დიზაინისა და ვიზუალის შერჩევა საზოგადოებას შესთავაზა. პირველად ქართულ რეალობაში საპროექტო წინადადება ფეისბუქ კენჭისყრით შეირჩა და გაიმარჯვა შპს „თბილქალაქპროექტმა“, – წერია განცხადებაში.