„საქართველოს მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ ან დაგვიანებამ, უკუსვლა გამოიწვია“, – ასე უპასუხა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც მან საქართველოს შესახებ დაუსვა.
ჟურნალისტმა ნედ პრაისს ჰკითხა – ჰქონდა თუ არა აშშ-ს კონსულტაციები უკრაინასთან იმ სანქციებზე, რომელიც უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვას დაუწესა?
„ჩვენ გვაქვს მჭიდრო სამუშაო ურთიერთობა ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან. მე მათ [უკრაინელ პარტნიორებს] გადავაბარებდი საუბარს ნებისმიერ სანქციაზე, რაც მათ შეიძლება გამოსცენ. რაც შეეხება საქართველოს – არაერთხელ გსმენიათ ჩვენგან და ვფიქრობ, ეს ადრეც გითხარით, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ერთგულად საქართველოს მთავრობასთან მუშაობას, რადგან ქვეყანა ახორციელებს იმ რეფორმებს, რომლებიც მოითხოვა ევროკავშირმა, ამ შემთხვევაში – ევროკომისიამ. ჩვენ გვინდა ვიმუშაოთ საქართველოსთან ამ გზაზე, ევროპულ მისწრაფებებისთვის“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
ჟურნალისტმა პრესსპიკერს ჰკითხა – იმ ფონზე, როდესაც აშშ-მ ბოლო 30 წლის განმავლობაში მილიონობით დოლარი დახარჯა საქართველოს დასახმარებლად, რათა ქვეყანაში გაძლიერებულიყო დემოკრატიული პროცესები, შეშფოთებულია თუ არა აშშ საქართველოს „რუსული ორბიტისკენ გადაადგილებით?“. ჟურნალისტმა კითხვის დასმისას გაიხსენა აშშ-ის ელჩზე კელი დეგნანზე სიტყვიერი თავდასხმა, რაც, მისი თქმით, უპრეცედენტოა და 30 წლის განმავლობაში არ მომხდარა.
ნედ პრაისის თქმით, აშშ-მ გამოხატა შეშფოთება ამ საკითხზე და ასევე, მთავრობის ზოგიერთ ქმედებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მთავრობის ქმედებებმა მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხება გამოიწვია, რაც იყო უკუსვლა ევროინტეგრაციისთვის.
„ჩვენ შეშფოთება გამოვხატეთ ზოგიერთი შემაშფოთებელი განცხადების გამო, რომელიც მოვისმინეთ საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და ქართული საზოგადოების ზოგიერთი ნაწილისგან. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება მთავრობის ზოგიერთი ქმედების გამოც. მათ შორის, მთავრობების ქმედების გამოც, რაც გამოიხატა მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხებითა და უკანდახევით, რამაც უკუსვლა გამოიწვია. ეს იყო აშკარა უკუსვლა ქართველი ხალხის, აბსოლუტური მისწრაფებების მიმართ ევროკავშირში და ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ“, – თქვა მან.