საქართველოს რაგბის კავშირი ეხმაურება მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოსა (WADA) და მსოფლიო რაგბის (World Rugby) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საფრანგეთში გამართულ 2023 წლის მამაკაცთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატამდე პერიოდში, საქართველოს 15-კაცა ნაკრებში ანტისადოპინგო წესების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა.
„ჩვენ სრულად ვიზიარებთ საკითხის სიმძიმეს. გულშემატკივრის მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ ვაცხადებთ, რომ აღნიშნულ საქმეში მონაწილეები 2023/24 წლების სეზონიდან აღარ თამაშობენ/მუშაობენ ეროვნულ ნაკრებში. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, არცერთი ნაკრების მოთამაშე და ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში შემჩნეული და დადანაშაულებული არ არის.
პროცესის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველოს რაგბის კავშირი სრულად და გამჭვირვალედ თანამშრომლობს WADA-სთან და მსოფლიო რაგბისთან. მათგან მივიღეთ მკაცრი მითითება, რომ გამოძიების სრულყოფილად, მიუკერძოებლად და დადგენილი წესების დაცვით წარმართვისთვის, პროცესის დასრულებამდე თავი შევიკავოთ საჯარო კომენტარებისა და დეტალების გასაჯაროებისგან. სწორედ ამ პროტოკოლის დაცვით იყო განპირობებული ის, რომ აქამდე კომენტარი არ გაგვიკეთებია.
ვაცნობიერებთ, რომ აღნიშნული ფაქტები სერიოზულ დარტყმას აყენებს ქართული რაგბის რეპუტაციას. ჩვენი მხრიდან დაწყებულია ინტენსიური სამუშაო და გატარებულია მკაცრი ღონისძიებები მსგავსი შემთხვევების პრევენციისათვის. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რაგბიში მსგავსი ინციდენტები აღარ მოხდეს.
დისციპლინარული საკითხების დასრულების შემდეგ, გავმართავთ პრესკონფერენციას და ვუპასუხებთ მედიისა და საზოგადოების შეკითხვებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოსა (WADA) და „მსოფლიო რაგბის“ ერთობლივი გამოძიების შედეგად, ანტიდოპინგური წესების დარღვევა დაუდასტურდა საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ექვს მოთამაშესა და პერსონალის ერთ წევრს.
WADA-ს განცხადებით, 2023 წელს დაწყებულმა გამოძიებამ შეისწავლა დოპინგზე ანალიზების ჩანაცვლებასთან დაკავშირებული ბრალდებები და დაადასტურა:
- ანალიზების ჩანაცვლების 5 შემთხვევა;
- საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს თანამშრომლები მორაგბეებს წინასწარ ატყობინებდნენ დაგეგმილი ტესტირებების შესახებ;
- დოპინგ-კონტროლის ოფიცრები არ მეთვალყურეობდნენ სპორტსმენებს და არ სწრებოდნენ შარდის ჩაბარების პროცესს.
„ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, აღმაშფოთებელია. ეს შოკისმომგვრელი იქნება როგორც ქართული სპორტისა და მთავრობისთვის, ისე რაგბის მსოფლიო სამყაროსთვის. WADA-მ ნდობა დაკარგა GADA-ს ანტიდოპინგური პროგრამის მიმართ. აუცილებელია ძირეული ცვლილებები შესაბამისი უწყებების მხრიდან“, – აცხადებს მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს პრეზიდენტი ვიტოლდ ბანკა.
WADA-ს განცხადების მიხედვით, გამოძიება გრძელდება და შეისწავლიან ქართული სპორტის სხვა სფეროებსაც. შესაძლოა, ასევე განიხილონ GADA-ს წინააღმდეგ დაჩქარებული სანქციების პროცედურა.
WADA-ს დაზვერვისა და გამოძიების დირექტორმა, გიუნტერ იუნგერმა, მადლობა გადაუხადა „მსოფლიო რაგბის“ თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ სინჯების გრძელვადიანი შენახვის პროგრამა გადამწყვეტი აღმოჩნდა სიმართლის დასადგენად, რადგან სწორედ დნმ-ის ანალიზმა და შედარებამ გახადა შესაძლებელი ჩანაცვლების ფაქტების მხილება.