საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს

პუბლიკა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი მომავალი 4 წლის განმავლობაში ირაკლი აბუსერიძე იქნება. დღეს რაგბის კავშირში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა.

„ხმების რაოდენობა გადანაწილდა შემდეგნაირად: 31 ხმა აიღო ირაკლი აბუსერიძემ, ხოლო 10 ხმა – გოჩა სვანიძემ. მე აბუსერიძეს წარმატებებს ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, ქართული რაგბი განვითარებას არ შეწყვეტს, ვნახოთ. რაგბის ოჯახმა გადაწყვიტა, რომ აბუსერიძემ უხელმძღვანელოს კავშირს. შესაბამისად, წარმატებები მათ ყველას“, – აღნიშნა პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, თორნიკე გოგებაშვილმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

ყრილობას ბოიკოტი გამოუცხადეს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის – ლაშა (ბაჩო) ხურციძის მხარდამჭერებმა, მაგრამ კვორუმი (41 დელეგატი) მაინც შედგა და არჩევნებიც გაიმართა.


ირაკლი აბუსერიძე საქართველოს ნაკრების ჰავბეკი (9 ნომერი) და კაპიტანი იყო. 2015 წლის არჩევნებზე კანდიდატურა აბუსერიძესაც ჰქონდა წარდგენილი, მაგრამ გია ნიჟარაძის გუნდთან დაპირისპირების ჩასახშობად მან კანდიდატურა მოხსნა.