„საქართველო საფრთხეშია“ - რეორგანიზაციის დაწყებიდან ერთი წლის თავზე კინოცენტრთან აქცია გაიმართა

პუბლიკა

„საქართველო საფრთხეშია“ – კინოცენტრში რეორგანიზაციის გამოცხადებიდან ერთი წლის თავზე მოძრაობა „ქართული კინო საფრთხეშიამ“ კინოცენტრთან აქცია გამართა.

„ჩვენ ერთი წლის წინ ვამბობდით, რომ ქართული კინო საფრთხეშია, დღეს კი ცხადად ვხედავთ, რომ საქართველოა საფრთხეში. წინააღმდეგობა გრძელდება!“ – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

მათ სიმბოლურად კინოცენტრის კარზე კაკუნი დაიწყეს ზუსტად იმ ფორმით, რა ფორმითაც რეორგანიზაციის დაწყებას ერთი წლის წინ აპროტესტებდნენ. მიტანილი ჰქონდათ ბანერები სხვადასხვა წარწერით.

მოძრაობის წევრებმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვითაც მიმართეს.

„გავიმარჯვებთ ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენი მოტივაცია არის სუფთა, არის სამართლიანი, არის ნაღდი“, – განაცხადა რეჟისორმა გიორგი თავართქილაძემ.

„ის, რაზეც ერთი წლის წინ ჩვენ აქ დავიწყეთ საუბარი, ის მიკროპრობლემა დღეს გადაიქცა ქვეყნის მაკროპრობლემად. დღეს უკვე ყველგან ვხედავთ ამ დაკანონებულ ცენზურას, რუსულ კანონებს“ – განაცხადა ლევან აბდუშელაშვილმა, კინომცოდნემ, რეორგანიზაციის შედეგად კინოცენტრიდან გათავისუფლებულმა  თანამშრომელმა.

2023 წლის 11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა კინოცენტრის თანამშრომლების განცხადება, რომლითაც მათ ცენტრის დამოუკიდებლობა მოითხოვეს. ეს განცხადება გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა.