საქართველოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა | გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ანგარიში წარუდგინეს

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA), უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში ორი ანგარიში წარადგინეს.

ორგანიზაციების განცხადებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მექანიზმი მიზნად ისახავს წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგსა და შემდგომ გაუმჯობესებას.

„უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისას შემდგომი 4 წლის განმავლობაში რეკომენდაციების განსაზღვრისას ქვეყნები ეყრდნობიან არა მხოლოდ მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს, არამედ სამოქალაქო სექტორის შეფასებებსა და მოსაზრებებსაც, ამიტომ ზემოაღნიშნული ანგარიშები მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის წინაშე არსებული ობიექტური სურათის ჩვენებას”, – წერს EMC და საია.

ანგარიშში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, შეფასებულია საქართველოში მოქმედი ნარკოპოლიტიკა. გთავაზობთ მას უცვლელად:

► საქართველოში მოქმედი ნარკოპოლიტიკა წლების განმავლობაში რჩება მართლმსაჯულების მნიშვნელოვან გამოწვევად. საქართველოში, ნარკოტიკების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება დასჯადი ქმედებაა და როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი წესით, უსამართლო და არაპროპორციული სასჯელების დაკისრებას იწვევს. არსებული ნარკოპოლიტიკა მოქალაქეებზე არასათანადო ზეწოლის შესაძლებლობას იძლევა. მკაცრი სისხლისსამართლებრივი ნარკოპოლიტიკის პარალელურად, ქვეყნის ძალისხმევა პრევენციის და მკურნალობა რეაბილიტაციის მიმართულებით მეტად სუსტია.

► შესაბამისი კანონი, ერთი მხრივ, განსაზღვრავს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა (ნარკოტიკული საშუალებების) სიას, მეორე მხრივ, ადგენს მათ მცირე (ადმინისტრაციული სამართალდარღვევით პასუხისმგებლობის საფუძველი), სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საწყის, დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობებს. ეს კანონი, ბევრ გავრცელებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებით (მაგალითისთვის – ამფეტამინი, მეტამფეტამინი, მდმა და ა.შ) არ ითვალისწინებს მცირე ოდენობებს. ასეთ შემთხვევაში, უმცირესი ოდენობით, მათ შორის, ცარიელ შპრიცში აღმოჩენილი ნივთიერების კვალი, ნარკოტიკული საშუალების ფლობა დიდ ოდენობად კვალიფიცირდება და 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

► ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერებების ოდენობების განუსაზღვრელობის, ან ოდენობების არაგონივრულად განსაზღვრის პირობებში, ნარკოდანაშაულისთვის დაწესებული სანქციები არაპროპორციულად მკაცრია, რაც, ცალკეულ შემთხვევებში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით გადასინჯვის საფუძველი ხდება თუმცა, პარლამენტის მხრიდან სისტემურ ცვლილებებს არ განაპირობებს. ნარკოტიკული საშუალების გავრცელების მიზნის გარეშე, პირადი მოხმარების მიზნით შეძენილი (ასევე დამზადებული ან კულტივირებული) ზოგიერთი სახეობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსით დაწესებული სანქციები, ხშირად უფრო მკაცრია, ვიდრე მკვლელობის თუ გაუპატიურების შემთხვევაში.

► ნარკოდანაშაულის ჩამდენ პირს, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისა და სასჯელის შეფარდების პარალელურად, სასამართლოს მიერ ავტომატურად ეზღუდება დამატებითი სამოქალაქო უფლებები. კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ პირს ავტომატურად ჩამოერთმევა ისეთი უფლებები, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების მართვა, საჯარო დაწესებულებებში მუშაობის უფლება და სხვ. უფლებების ჩამორთმევის ვადა დამოკიდებულია ნარკოტიკული დანაშაულის ტიპზე და მისი ხანგრძლივობა 3-დან 20- წლამდე შეიძლება იყოს რაც ამ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას და დასაქმების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ართულებს.

► ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით, სამართალდამცავი ორგანო უფლებამოსილია, ნებისმიერი პირი იძულებით ნარკოტიკულ შემოწმებაზე საექსპერტო დაწესებულებაში გადაიყვანოს. პირის საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად წარდგენა, სხვა საფუძვლებთან ერთად, შესაძლებელია ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ პირი ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფება. ოპერატიული ინფორმაციის სანდოობის/რეალურობის შემოწმებაზე არ ვრცელდება არც სასამართლო და არც საპროკურორო კონტროლი. კანონმდებლობა სამართალდამცავებს ანიჭებს ნებისმიერი პირის თვითნებურად გადაყვანის შესაძლებლობას ნარკოტესტირებაზე, ხოლო შემოწმებაზე უარის შემთხვევაში, მისი 12 საათით დაკავების უფლებას.

► საქართველოში არ ხდება ნარკოდამოკიდებული პირების სათანადო უზრუნველყოფა სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალურ  საჭიროებებზე მორგებული მკურნალობით. ქვეყანაში არ მოქმედებს ნარკოდამოკიდებულების ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტი, როგორიცაა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. სახელმწიფოს არ აქვს შემუშავებული მკურნალობის, როგორც დასჯის ალტერნატივის ინსტიტუციური მექანიზმები.

რეკომენდაციები:

– საქართველოს პარლამენტმა, არაუგვიანეს 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე, გააუქმოს სისხლისსამართლებრივი დასჯადობა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის;

– საქართველოს პარლამენტმა, არაუგვიანეს 2021 წლის საგაზაფხულო სესიაზე, სამართლიანად განსაზღვროს ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები;

– საქართველოს პარლამენტმა, არაუგვიანეს 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე, პროპორციულობის პრინციპზე დაყრდნობით განსაზღვროს ნარკოტიკული დანაშაულებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელები;

– საქართველოს პარლამენტმა, არაუგვიანეს 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე, ხელახლა მოაწესრიგოს ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულთა მიმართ სამოქალაქო უფლებების შემზღუდველი საკანონმდებლო რეგულაციები და კანონით მოსამართლეს მიანიჭოს ამგვარი სანქციების არა ავტომატურად, არამედ დისკრეციულად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის შესაბამისად შეფარდების უფლებამოსილება;

– იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების მომწესრიგებელი საკანონმდებლო პროცედურა მოწესრიგდეს ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისად;

– საქართველოს მთავრობამ, არაუგვიანეს 2021 წლიდან შექმნას პრევენციის სისტემური მექანიზმი, რომელიც დაგეგმავს და განახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს;

– საქართველოს მთავრობამ, არაუგვიანეს 2021 წლიდან შექმნას გადამისამართების კომისიები, რის საფუძველზეც, დასჯის ნაცვლად, ინდივიდუალურად განისაზღვრება მომხმარებლის საჭიროებების შესაბამისად მკურნალობის, მხარდაჭერის თუ ზრუნვის სერვისები.