„საქართველოს რკინიგზას“ დასაქმებულისათვის საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება დაეკისრა - საია

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც „საქართველოს რკინიგზის“ საკასაციო საჩივარი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაზარალებულ ერთ-ერთ მოქალაქეს მიყენებული ზიანი აუნაზღაურდება.

საიას განცხადებით, „საქართველოს რკინიგზაში“ დასაქმებულმა 2014 წელს საწარმოო ტრავმა მიიღო. მიღებულმა ტრავმამ მარცხენა წვივის მესამედ დონეზე ამპუტაცია გამოიწვია. თუმცა, დამსაქმებელი ზიანის ანაზღაურებას ნებაყოფლობით არ თანხმდებოდა და დაზარალებული იძულებული გახდა საიას დახმარებით სასამართლოსათვის მიემართა.

„ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად შეცვალა და დაადგინა, რომ „საქართველოს რკინიგზა“ ვალდებული იყო საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანი აენაზღაურებინა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს რკინიგზამ“ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, საკასაციო საჩივარი სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია. შესაბამისად, ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც „საქართველოს რკინიგზა“ ვალდებულია, დასაქმებულს საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანი აუნაზღაუროს“, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.