საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებს მოსალოდნელ თავდასხმაზე აფრთხილებს

პუბლიკა

საქართველოს საელჩო ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.

მათი თქმით, ვრცელდება ინფორმაცია თელ ავივზე საჰაერო თავდასხმასთან დაკავშირებით. საელჩო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, რომ არ გაჩერდნენ ღია სივრცეებში, საიდანაც თავშესაფარი მიუწვდომელია.

„ვრცელდება ინფორმაცია თელ ავივზე და შესაბამისად, ქვეყნის ცენტრზე საჰაერო თავდასხმასთან დაკავშირებით. დაბრუნდით საცხოვრებელ სახლებში! არ გაჩერდეთ ისეთ ღია სივრცეში, საიდანაც თავშესაფარი მიუწვდომელია.

ქალაქები: აშკელონი, შდეროთი, აშდოთი, იავნე, გადერა, ბათ იამი, ლოდი, რამლე, ხულონი, რიშონ ლეციონი, რამათ განი, გივატაიმი, ორეუდა, პეტახ ტიკვა, ბნეი ბრაკი და მათი შემოგარენი საფრხის ქვეშაა. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული წესები“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.


ისრაელმა წუხელ ღაზის სექტორზე კიდევ ერთი მასშტაბური იერიში მიიტანა. გამოცემა Al Arabiya-ს კორესპონდენტის ცნობით, ისრაელმა, სულ მცირე, 70 ობიექტი დაბომბა. პალესტინელების ინფორმაციით, ისრაელთან დაპირისპირების დაწყების შემდეგ, მინიმუმ, 197 პალესტინელი დაიღუპა (მათ შორის 58 ბავშვია), 5600-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.

ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიში განაახლეს პალესტინელთა დაჯგუფებებმაც. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული ერთი კვირის განმავლობაში ისრაელის მიმართულებით უკვე 3150-ზე მეტი რაკეტაა ნასროლი. პალესტინელთა იერიშებს ისრაელის 10 მოქალაქე ემსხვერპლა.

ისრაელის ტერიტორიაზე კი ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის დაპირისპირება გრძელდება. განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება შერეულ ქალაქებში.

საერთაშორისო ორგანიზაციები ისრაელსა და პალესტინელთა დაჯგუფებებს სამშვიდობო მოლაპარაკებისკენ მოუწოდებენ, თუმცა, ჯერჯერობით, დაპირისპირება არ წყდება.