საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციას NATO-ს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონის (MNMPBAT) პარტნიორის სტატუსი მიენიჭა.
„პარტნიორობის შეთანხმება ხელს შეუწყობს სამხედრო პოლიციის ბატალიონების, როგორც NATO-სთან აფილირებული ქვედანაყოფების განვითარებას, რაც NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსაზღვრულ სამხედრო პოლიციის ინიციატივის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. სამხედრო პოლიციისათვის პარტნიორის სტატუსის მინიჭების შეთანხმება თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტს მოიცავს და NATO-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის ოპერაციებში, ტრენინგებსა და სწავლებებში მონაწილეობაზეა ფოკუსირებული“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი საქართველოს სამხედრო პოლიციის უფროსმა და NATO-ს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნულ ბატალიონში შემავალი ქვეყნების: პოლონეთის, ხორვატიის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის სამხედრო პოლიციის უფროსებმა მოაწერეს.
როგორც თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, პარტნიორობა 2022 წლის ბოლოსთვის საქართველოს სამხედრო პოლიციის ოცეულის NATO-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის სრული წევრობისთვის (Participant Status) მომზადებას ისახავს მიზნად.