საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები იხურება – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები

პუბლიკა

ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები გააცნო. ჩიქოვანის თქმით, 18 მარტიდან საქართველოს საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა იკრძალება. შეზღუდვა რუსეთთან  მიმართებით დღეიდან ამოქმედდება.

„მინდა გაგაცნოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებული იქნა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც ეხება ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციას. პირველ რიგში, მინდა გაგაცნოთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, ანუ ხვალ ღამე 18 მარტის 00:00 საათზე იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ბატონი ზურაბ აბაშიძე მისი მრჩეველი, ესაუბრა რუსეთის წარმომადგენელებს და რუსეთთან მიმართებაში ეს შეზღუდვა უკვე დღეიდან ძალაშია. ამასთანავე, საქართველოს მოქალაქეებს, რომელსაც ექნებათ სურვილი დაბრუნდენ საქართელოში, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ის ავიამიმოსვლა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ავიახაზები და მიმართულებებზე გეტყვით დამატებით საგარეო საქმეთა მინსიტრი. იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არიან ჩვენი მოქალაქეების უშუალო ოჯახის წევრები, მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, დროზე ადრე იხურება სამთო-სათხილამურო კურორტები, კაფე-ბარებსა და რესტორნებს კი მთავრობა აძლევს რეკომენდაციას, შეზღუდონ მოქალაქეთა მომსახურება და ოპერირება გააგრძელონ გატანის სერვისით.

„ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, სამედიცინო პერსონალის ჩათვლით, 70 წელს ზემოთ მოქალაქეები მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და შეეცადონ იზოლაციას, რათა თავიდან იქნეს არიდებული საფრთხე ჯანმრთელობისთვის.

პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნება მექანიზმი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 33 პირია.