საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან 28%-მდე ჩამოვიდა - დევინი

პუბლიკა

ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) სხდომაზე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილემ, ლიუკ დევინმა საქართველოს ხელისუფლება გარკვეული რეფორმებისა და პოლიტიკური ნაბიჯების გამო გააკრიტიკა.

დევინმა განაცხადა, რომ საქართველომ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმების კუთხით წინ ვერ წაიწია. მეტიც, მისი თქმით, საარჩევნო რეფორმაში უკუსვლაც იყო.

„სასამართლოს ყოვლისმომცველი და ამბიციური რეფორმირება, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლო ძირითადი ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობას და ერთიანობას და ასევე, მყარი საარჩევნო კანონმდებლობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

ყურადღებით ვაკვირდებოდით ამ ყველაფერს და პირველ რიგში, სასამართლოს შესახებ კანონის გადახედვასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ეს კანონი მიიღო პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მეორე მოსმენით ევროინსტიტუტებთან კონსულტაციის გარეშე. ასევე, არ მოუმართავთ ვენეციის კომისიისთვის, რომ მიეღოთ მოსაზრება არსებული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. ამ ჩანაწერებით ვერ შესრულდა მთავარი, გადამწყვეტი მნიშვნელობის რეკომენდაცია.

პირველი – ყოვისმომცველი სასამართლო რეფორმა და ასევე, ვაკვირდებოდით პარლამენტში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი წევრის არჩევას, რომლებმაც ჩვენი აზრით, არ უნდა მიიღოს მეგობრის დანიშვნის ფორმა. შერჩევა უნდა იყოს გამჭვირვალე და დამსახურებების მიხედვით.

მეორე – დასანანია ასევე საარჩევნო რეფორმების მიმართულება. ბოლოდროინდელი ცვლილებები, რომლებიც ძირს უთხრის წარსულში მიღწეულ პროგრესს. ვგულისხმობ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის. მიგვაჩნია, რომ ეს ასევე გააღრმავებს არსებულ შეუთანხმებლობას, ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის რეკომენდაციას და ასევე, ეუთო/ოდირის შეფასებას.

ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ, არ მიეღოთ მონაწილეობა ნაჩქარევი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში, ინკლუზიური კონსულტაციების გარეშე, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ევროკავშირთან და ასევე, სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან”- თქვა დევინმა.

ასევე დევინის თქმით, საქართველოს რეპუტაციისთვის დამაზიანებელი იყო ე.წ. რუსული კანონი და მისი უკან გაწვევა პოზიტიურად შეაფასა. მან იმედი გამოთქვა, რომ დაიხურა „ ეს ნეგატიური თავი“.

თუმცა მისი თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან გრძელდება თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების მიმართ.

„უფრო დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით ძლიერ, ანტიდასავლურ გზავნილებს, რომლებსაც აჟღერებენ „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომლის სამიზნეა საერთაშორისო პარტნიორები ან ამ პარლამენტის წევრები.

ანტიდასავლური ნარატივი ან ანტი-ლგბტ კომენტარები, ან ისეთი დისკურსის წარმოდგენა, თითქოს საქართველოს ღიღებულებები ეწინააღმდეგება ლიბერალურ ან ევროკავშირის ღირებულებებს, მხოლოდ დააზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას.

წინა კვირას ჩვენ მოვისმინეთ პრემიერის შემაშფოთებელი განცხადებები ბრატისლავაში. მოდერატორის კითხვას, რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში, მან უპასუხა, ვციტირებ: „მე ვფიქრობ ყველამ იცის მიზეზი, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო NATO, NATO-ს გაფართოება.

რას ნიშნავს ეს? ნიშნავს, რომ 2008 წლის ომი მიზეზია ასევე ის, რომ იქამდე ოთხი თვით ადრე საქართველომ NATO-ს წევრობა ითხოვა? როგორ მოქმედებს ასეთი კომენტარები საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე, რომელიც გაცხადებული პოლიტიკაა?“ – განაცხადა დევინმა.

მისი თქმით, დასავლეთში კარგად ესმით, რამდენად მოწყვლადია საქართველოს ეკონომიკა რუსეთთან მიმართებით, ამიტომ ისინი არ მოითხოვენ, რომ საქართველომ შეწყვიტოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა. მაგრამ დევინის თქმით, დასანია რუსეთთან ფრენის აღდგენა მაშინ, როცა ევროკავშირმა ის გააუქმა.

„ჩვენ არასდროს, არც ახლა და არც წარსულში, არ გვითხოვია, რომ საქართველოს შეეწყვიტა ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან. მინდა ხაზი გავუსვა ამას. თუმცა, ის რაც ვნახეთ – რუსეთთან ფრენის აღდგენა მაშინ, როდესაც ევროკავშირმა გააუქმა ეს ფრენები რუსეთის იზოლაციის გამო, ეს გადაწყვეტილება დასანანია.

ასევე, ევროკავშირის მიერ სანქცირებული პირების საქართველოში დაშვება. გვწამს, რომ საქართველო არ უნდა გახდეს სანქციებისთვის თავის არიდების ადგილი.

სამწუხაროდ, საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან რჩება უკიდურესად დაბალი და კიდევ უფრო დაბლა იწევს. გასულ წელს ეს იყო 44%-ზე ნაკლები, წელს მხოლოდ – 28%. შედარებისთვის, ზოგიერთი კანდიდატი ქვეყნის მაჩვენებელი არის 100%“, – თქვა დევინმა.