დღეს საქართველოს თავდაცვის ძალები დაარსებიდან 30-ე წლისთავს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიება ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და თავდაცვის ძალებს დაარსებიდან 30-ე წლისთავი მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა.
ცერემონიას ესწრებოდა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ავიაციის მარშალი სტიუარტ პიჩი, რომელიც პრეზიდენტმა ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა. ზურაბიშვილის თქმით, სტიუარტ პიჩი ყოველთვის გამოირჩეოდა NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის გზის მხარდაჭერით.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოს მაღალი სტანდარტის თავდაცვის ძალები ჰყავს. მანვე განაცხადა, რომ ქართული ჯარი ერთიანი და აპოლიტიკურია.
„დღეს ჩვენ გვყავს მაღალი სტანდარტის თავდაცვის ძალები, რომელიც მრავალი წელია მონაწილეობს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და თავისი წვლილი შეაქვს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში. ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმი და ბრძოლისუნარიანობა ყოველთვის მაღალ შეფასებას იმსახურებს. საერთაშორისო პარტნიორები, ყველა ნდობას უცხადებს ქართულ ჯარს, ანუ ნდობას უცხადებს საქართველოს… ქართული ჯარი არის ერთიანი, აპოლიტიკური, ქვეყნის და მისი ხალხის ერთგული და ამდენად ერთიანობის უდიდესი მაგალითი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
დღევანდელი დღე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა ყველა სამხედროს, ვეტერანებს, მოქალაქეებს და პატივი მიაგო ქვეყნის სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და მსოფლიო მშვიდობისთვის დაცემულ გმირებს.
„დღევანდელი დღე სიმბოლურად განასახიერებს ქართველი ხალხის პატრიოტიზმს და მუდმივ მზაობას, დაიცვას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ჩვენი ხალხის თავისუფლება, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და საკუთარი ღირსეული წვლილი შევიტანოთ მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცებაში,“- განაცხადა პრემიერმა.
ვაზიანში საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო პარლამენტის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ. მისი განცხადებით, ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, თავდაცვის ძალები ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ სტრუქტურად ჩამოყალიბდა.
„დღეს, ამაყები ვართ, რომ სხვადასხვა გამოწვევის პირისპირ, ხალხსა და ქვეყანას სამშობლოზე შეყვარებული, ბრძოლისუნარიანი, თანამედროვედ აღჭურვილი და მომზადებული ქართული ჯარი იცავს. საქართველოს თავდაცვის ძალების დღის აღნიშვნასთან ერთად, პატივს მივაგებთ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ქვეყნის თავისუფლების იდეას და საერთაშორისო უსაფრთხოებას შესწირეს – ქედს ვიხრი მათი თავგანწირვის წინაშე. მათი ღვაწლის უკვდავყოფა თითოეული ჩვენგანის ვალია“, – განაცხადა კუჭავამ.
საზეიმო ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დახურვის შემდეგ სტუმრებმა სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ქართული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორები – დიდგორი-3, დიდგორი მედევაკი და დიდგორი მეომარი, ასევე თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო მანქანები და საარტილერიო დანადგარები დაათვალიერეს.
30 წლის წინ ამ დღეს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის განკარგულებით, წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სწორედ ამის საფუძველზე აღინიშნება ეს თარიღი საქართველოს თავდაცვის ძალების დღედ.