საქართველოს უკიდურესად გაუჭირდება კიდევ ერთხელ მსგავსი მძიმე ეკონომიკური შეზღუდვების დაწესება - გახარია

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პრემიერ – მინისტრმა კორონავირუსის შესაძლო მეორე ტალღაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ შეზღუდვები, რომელსაც პანდემიის დროს მიმართა, საჭირო აღარ გახდეს.

„ერთადერთი, ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მსგავსი შეზღუდვები, რომლებიც გვქონდა მობილობის დასაგდებად, აღარ მოგვიწიოს, რადგან სოციალურ-ეკონომიკურად საქართველოს უკიდურესად გაუჭირდება კიდევ ერთხელ მსგავსი მძიმე ეკონომიკური შეზღუდვების დაწესება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, პირველი ტალღის დროს მოქალაქის დათანხმებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მეორე ტალღის დროს კი ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს დრო, რომელიც ხელისუფლებას მოქალაქეებმა მისცეს.

„პირველი ტალღის დროს საზოგადოების, მოქალაქის გამოყოლას და დათანხმებას, ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მეორე ტალღის დროს ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის დრო, რომელიც ფაქტობრივად მოქალაქეებმა მოგვცეს, რათა ჩვენი ჯანდაცვის და სახელმწიფო მართვის სისტემები უფრო მომზადებულები დახვდნენ შესაძლო მეორე ტალღას. დღეს პარლამენტში მიმდინარეობს კრიზისული ბიუჯეტის განხილვა 2020, რომელიც გათვლილია და სისტემურად მომზადებულია ისე, რომ მეორე ტალღის დადგომის პირობებშიც, არ დაგვჭირდეს ბიუჯეტის ხელახლა გადახედვა. ეს ამ ბიუჯეტში ჩადებულია.

მეორე ნაწილი – ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ჰოსპიტალური სისტემა სრულად უნდა მოემზადოს დარჩენილ სამ თვეში იმისთვის, რომ მეორე ტალღის დადგომის პირობებში ინფრასტრუქტურულად იყოს სრულად გამართული.

ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ თუ ეპიდემიის დაწყების დროს საქართველოს შეეძლო დღეში ოქროს სტანდარტის 75-100 „პისიარ“ ტესტირების ჩატარება და დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, დღეში ჩავატაროთ 4 000-4 500 ტესტი, მეორე ტალღისთვის საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა, დღეში 10 ათასამდე ასეთი ტესტი ჩაატაროს.

ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ პრინციპი და მიზანი, რომელიც ჩვენ პირველ ეტაპზე ავირჩიეთ, იყო – იმპორტირებული ვირუსის შეკავება, მეორე ეტაპზე – ადაპტაცია და მესამე ეტაპზე – მართვა. ამ ეტაპზე, რომელსაც დღეს მართვას ვეძახით, ჩვენი ძირითადი მიზანია, სწრაფად გამოვავლინოთ, სწრაფად ვუმკურნალოთ და სწრაფად დავაბრუნოთ ადამიანი ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში.

ჩვენი ქვეყნის ძირითადი პრობლემა დღეს, ამ პანდემიის დროს, არის შეზღუდული ფინანსური რესურსი და ჩვენი ამოცანაა, ეს შეზღუდული ფინანსური რესურსი მაქსიმალურად სამართლიანად და დროში ეფექტურად გადავუნაწილოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს პირველ რიგში სჭირდებათ. იმ ადამიანებს, ვინც სამსახური დაკარგა, ვინც თვითდასაქმებული იყო, ვინც იყო სოციალურად დაუცველი, 65 000-100 000 ქულას ფარავდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.