რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას თქმით, რუსეთი დაინტერესებულია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალთან ურთიერთობის გამყარებით, ამასთან რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად საქართველოსგან ითხოვს, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას მოაწეროს ხელი.
„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მათ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზები ფუნქციონირებს, სახელმწიფო საზღვრებს ერთობლივად ვიცავთ შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთათ, რაც აქტუალურია ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში.
ჩვენ ვითხოვთ საქართველოსგან სავალდებულო შეთანხმებას ამ ქვეყნების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. მიგვაჩნია, რომ ეს რეგიონში სტაბილურობის გარანტიაა“, – თქვა ზახაროვამ.
ზახაროვას თქმით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დაცვა და განვითარება რუსეთმა უზრუნველყო 15 წლის წინ მათი აღიარებით.
„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეთა უმეტესობას რუსეთის მოქალაქეობა აქვს და ისინი მხარს უჭერენ რუსეთთან ალიანსის გაძლიერებას. მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ ერთობლივი მცდელობებით ორმხრივი თანამშრომლობის ყველა სფეროში, რაც ქმნის პირობებებს სოხუმისა და ცხინვალის საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკის გაძლიერებისთვის“, – განაცხადა ზახაროვამ.
საქართველო ძალის გამოუყენებლობის პირობას დებს, თუმცა იმავეს გაკეთებას რუსეთისგანაც, როგორც მხარისგან მოითხოვს. თუმცა რუსეთი მოითხოვს, რომ საქართველომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან გააფორმოს. თბილისში კი მიაჩნიათ, რომ ამით რუსეთი ოკუპირებული რეგიონების მთავარ მხარეებად, თავისი თავის კი მედიატორად და ნეიტრალურ მხარედ წარმოჩენა სურს.