საქართველოში აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ ჰომინიდების გავრცელების ახალი კერა გამოავლინა, რომელიც 1.77-1.84 მილიონი წლით თარიღდება. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.
არქეოლოგიური ობიექტი დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ოროზმანთან მდებარეობს.
„აღმოჩენილმა არტეფაქტებმა მთლიანად შეცვალა წარმოდგენა ოროზმანის ძეგლის შესახებ. გაჩნდა მტკიცებულება, რომ დმანისის ცნობილი არქეოლოგიური ძეგლის გარდა, კიდევ ერთი მსოფლიო მნიშვნელობის პრეისტორიული ობიექტი არსებობს. არქეოლოგიური გათხრების დროს, კარგად შემონახულ განამარხებულ ცხოველთა ნაშთებთან ერთად, გამოვლინდა დმანისის მსგავსი ადრეპალეოლითური (1.77-1.84 მილიონი წელი) არტეფაქტები – ქვის იარაღები, ანატკეცები და ა.შ“,-წერია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მკვლევრებისთვის ოროზმანის პალეონტოლოგიური ადგილსაპოვებელი 1960-იანი წლებიდანაა ცნობილი, ხოლო 2010 წელს ქართველ და ფრანგ მკვლევართა ჯგუფის მიერ, ძეგლის თარიღი პალეონტოლოგიური ძეგლის აბსოლუტური დათარიღების მეთოდით განისაზღვრა. მიღებული შედეგები გამოქვეყნდა საერთაშორისო რეიტინგულ ჟურნალში.
ეროვნული მუზეუმის განცხადებით, არქეოლოგიური ობიექტზე, ეროვნული მუზეუმის მკვლევართა გუნდი მუშაობდა. ექსპედიციის ხელმძღვანელია ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი გიორგი ბიძინაშვილი.